რეზონანსი
06.07.2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მოდელი შეიცვალა და მასში კერძო ინვესტორი არ იქნება წამყვანი. შესაბამისად, პროექტს ჩინური კორპორაცია cccc არ განახორციელებს. სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები 2024 წლის 29 მაისიდან, თუმცა საბოლოოდ მხარეთა შორის ხელშეკრულება აღარ გაფორმდა.

"ეს იქნება ლენდლორდის მოდელი"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. რაც გულისხმობს იმას, რომ პროექტის განმახორციელებელი მხარე იქნება საქართველოს სახელმწიფო.

"პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, პროექტში ასევე ჩაერთვებიან არაერთი ქვეყნის კერძო კომპანიები, თუმცა წამყვანი განმახორციელებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო, ხოლო კერძო კომპანიები ადგილზე მოიჯარეების სტატუსით იოპერირებენ.

მინისტრის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს.

„საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასებისთვის დაიქირავა კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-ი, რომელსაც პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელების ალტერნატივა უნდა შეეფასებინა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სწორედ ეს ალტერნატივა აირჩია და პროექტის განხორციელებაში კერძო ინვესტორი აღარ იქნება ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×