
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა მის დასკვნით სიტყვაში ისაუბრა, როგორ სცადა ელისაშვილმა ტერორისტული აქტის განხორციელება, როგორ შეუქმნა მან მანდატურის სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე და როგორ მოხდა პოლიტიკოსის დაკავება.
ხუბეჯაშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილისთვის ნიღბის ჩამოხსნა მას შემდეგ მოხდა, რაც ის დააკავეს. პროკურორის განმარტებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ელისაშვილს ჰკითხეს, თუ რას ერჩოდა მათ, რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ
"მას სურდა სასამართლოს გადაწვა და ამით მოეხდინა სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია".
პროცესს არ ესწრება ალეკო ელისაშვილი, ვინაიდან ის სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე გაძევებულია.
დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე მომდევნო სხდომაზე წარმოთქვამს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.