
როგორ დაასრულებენ ე.წ. საბოტაჟის საქმეს? ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო “ოცნებას”, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზურა ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ საქმეზე განაჩენი მალე დადგება.
“პირადი კომუნიკაცია რაც გვაქვს პროკურატურასთან, აპირებენ, რომ საქმე ძალიან სწრაფად დაასრულონ. შეიძლება ამ თვის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში ან აგვისტოს შუაში. სავარაუდო თარიღები არის ეს, ყოველშემთხვევაში, აგვისტოს არ გადასცდება, რამდენადაც ამაზე მე მაქვს წარმოდგენა და ასევე, ჩემი ადვოკატები მეუბნებიან.
როგორ დაასრულებენ? ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო “ოცნებას”, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ. ეს არის მიზანი, რაც ამ წუთში აქვთ. [ჩვენი დაკავების მიზანი] ალბათ, სიგნალია დასავლეთისთვის, რომ ან “ჩვენს პირობებზე დავლაგდებით, ან ხალხს, ვისაც თქვენ ელაპარაკებით, ქვეყნიდან გავუშვებთ ან ციხეში ჩავსვამთ”. მეორეა ის, რომ პოლიტიკურ ველსაც ასუფთავებენ და უსუფთავებენ იმ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომლებიც წლებია, თვეებია იმეორებენ, რომ ძველი სახეები უნდა წავიდნენ და ახალმა სახეებმა რაღაც უნდა ქნან. უტოვებენ მათ ბურთს და მოედანს. გასაგებია, რომ ვიღაცები ამას აიღებენ.
მოკლედ, ივანიშვილის დასანქცირება აღმოჩნდა პრობლემა. ივანიშვილის დასანქცირება ითვლება, რომ თურმე ყოფილა ქვეყნის დასუსტება, შესაბამისად, ყველამ, ვინც სანქციებზე მუშაობდა, დაასუსტა ქვეყანა იმიტომ, რომ ივანიშვილი დაასანქცირა დასავლეთმა, ოღონდ დასანქცირება ხომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ შეიძლება მილიონჯერ რაღაც ვთქვათ, რომ ვიღაც დასასანქცირებელია, მაგრამ დასანქცირება არის კონკრეტული ქვეყნის კონკრეტული პოლიტიკის შედეგი”, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.