
აღრეულობა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში ამ პარტიის პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებენ და პარტია წესდების გათვალისწინებით ვეღარ მუშაობს.
„ის დესტრუქცია, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა ქვეყნის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, მათ ბუმერანგივით პარტიაში შეუტრიალდათ. რა არის პარტია? პარტიის ძირითადი ბირთვის მამოძრავებელი ძალაა იდეოლოგია, სტრუქტურა და პარტიული აქტივი. ამბობენ, რომ ახლა პარტიის აქტივი, იდეოლოგია და სტრუქტურა გვერდზე უნდა გადადონ და რაღაც საბჭო შექმნან. ამას რომელ ლამაზ სახელს დაარქმევ, რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, მიხეილ სააკაშვილს სურს, არსებული პარტიული „ისტებლიშმნეტი“, ხელმძღვანელი აქტივი მთლიანად ჩამოიცილოს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს აქვს და ნანუკა ჟორჟოლიანის გარშემო ახალი ჯგუფი შექმნას. შეიძლება, ამასთან დაკავშირებით რაიმე პრაქტიკული ხედვაც აქვს. შეიძლება, სააკაშვილი ფიქრობს, რომ პარტიის არსებული აქტივი უპერსპექტივოა და მისი ჩამოცილება უნდა, ნანუკა ჟორჟოლიანის საშუალებით კი სიმბიოზი შექმნა. ეს რამდენად საინტერესო იქნება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და სააკაშვილის მხრიდან განწირული მცდელობებია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.