
კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირთან, ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება 2028 წლის არჩევნებს, მთავრობის მეთაურის თქმით, მისიების მოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საარჩევნო წელს მიიღება.
„არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს და გადაწყვეტილება მისიების მოწვევის თაობაზე მიიღება ხოლმე საარჩევნო წლის დასაწყისში, აქედან გამომდინარე, ყველას გირჩევთ დაველოდოთ 2028 წელს, როცა მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენ არავითარი კონფლიქტი არავისთან არ გვაქვს. ეუთო/ოდირმა წინა არჩევნები აღიარა, გამოაცხადა შემდგარად, კონკურენტულად და ამის მიუხედავად სხვები დაუპირისპირდნენ ღიად ეუთო/ოდირს. მათ შორის იყო ადგილობრივი აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ასევე იყვნენ მათი გარე პატრონები. ღიად დაესხნენ თავს ეუთო/ოდირს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირთან. ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მიერ. თავდასხმის ობიექტი ეუთო/ოდირი გახდა სწორედ ადგილობრივი აგენტურისა და მათი გარე პატრონების, „დიპ სტეიტის“ მხრიდან. ეს არის რეალური ვითარება. რაც შეეხება 2028 წელს, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ 2028 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ მისიების მოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სწორედ საარჩევნო წელს“, – განაცხადა პრემიერმა.