
სოციალურ ქსელში, საზოგადოებრივ გვერდზე „ჩემი ქალაქი მკლავს“, გავრცელდა ქუჩის სათვალთვალო კამერის მიერ ჩაწერილი მძიმე კადრები, რომლებსაც თან ახლავს გაფრთხილება: "ვიდეო შეიცავს სენსიტიურ კადრებს“.
ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ეჯახება ტროტუარზე მოძრავი მოტოციკლის მძღოლი ასაკოვან ქალბატონს. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალი მომენტალურად ასფალტზე ეცემა. მასთან დასახმარებლად გამვლელები მაშინვე მირბიან, თუმცა დამნაშავე მძღოლი, რომელმაც კარგად დაინახა საკუთარი ქმედების შედეგი, არ გაჩერდბა და შემთხვევის ადგილიდან გარიქცა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. დაზარალებულის სავარაუდო ნაცნობები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოხუც ქალბატონს ფეხის სერიოზული დაზიანება აქვს.
ვიდეომ ინტერნეტსივრცეში დიდი რეზონანსი და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. კომენტარებში მოსახლეობა ტროტუარებზე ორბორბლიანი ტრანსპორტის (მოპედები, სკუტერები, ელექტროთვითმგორავები) უკონტროლო გადაადგილებასა და მკაცრი რეგულაციების არარსებობას აპროტესტებს:
მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ე.წ. "სქროლები“ და მოპედები ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებებია, რომლებსაც სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლიათ. ისინი ითხოვენ, რომ არასრულწლოვანებს აეკრძალოთ მათი მართვა, მძღოლები ავტომობილის მსგავსად დაისაჯონ და კატეგორიულად აიკრძალოს მათი მოძრაობა ტროტუარებზე. ისინი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.
"საუბრისას ხელს ვერ გაშლი, ან სქროლი წაგაცლის და ან სკუტერი. უკან გაუხედავად მცირე მოძრაობასაც ვერ გააკეთებ“, - წერენ ადგილობრივები.
როგორც შსს-ში გვითხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა უკვე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის იდენტიფიცირება.
წყარო: ambebi.ge