რეზონანსი
13.07.2026

დაზარალებული ჟურნალისტი, გურამ როგავა სასამართლოში, სადაც მასზე ძალადობაში ბრალდებულ გდდ-ს თანამშრომლის პროცესი მიმდინარეობდა, ცარიელი ფურცლებით მივიდა.

როგორც როგავამ განმარტა, მისი საქმე სწორედ ამ ცარიელი ფურცლებისგან შედგება. დაზარალებული ჟურნალისტის თქმით, საქმეში მხოლოდ ბრალდებული სპეცრაზმელის აღიარებითი ჩვენებაა.

გურამ როგავას განცხადებით, ის სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს, ვინაიდან, უთხრეს, რომ პროცესი დახურული იყო.

“მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მითხრა, რომ სასამართლო პროცესი დახურულია და მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი მაქვს, სხდომაზე დასწრებას ვერ შევძლებდი. ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია, ჩემი ადვოკატი იურიდიულ ასპექტებს არკვევს, თუ რა არის ამის მიზეზი. მოვედი, რათა საქმის მიმდინარეობას გავცნობოდი. დასამალი აქვთ ის, რომ ამ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. წარწერა, რომელსაც თქვენ უყურებთ - საქალაქო სასამართლო, რეალურად არის ივანიშვილის სახელობის თოჯინების თეატრი, სადაც ეს თოჯინები სხვადასხვა როლს ასრულებენ და აკეთებენ უნიჭო სპექტაკლს. მე თქვენ მოგიტანეთ, რა არის ჩემი საქმის მასალები - უზარმაზარი დასტაა, ეს მხოლოდ ნაწილია, შეგიძლიათ გაეცნოთ, დაგირიგებთ. ვისურვებდი, საქმეში არსებული ფურცლები კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენონ, რადგან როგორც თქვენ ხედავთ, ცარიელი ფურცლებია საქმეში. არის აღიარებითი ჩვენება, ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი აღიარებს, რომ თავს დამესხა, ის უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში, ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა, როცა აღიარებითი ჩვენება მისცა, უეცრად მოუნდა, რომ ეღიარებინა. აღიარებითი ჩვენება ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მე როგორც დაზარალებულმა და ჟურნალისტმა, საერთოდ არ ვიცი, რა გარემოებებში, რა პირობებში მიიღო გამოძიებამ აღიარებითი ჩვენება - ეს იყო ზეწოლა, მოსყიდვა, თუ სხვა მექანიზმები. მე ამ საქმეში ვარ მხარე, დაზარალებული, მაგრამ ყოველთვის მახსოვს, რომ ვარ ჟურნალისტი, მე არ მჭირდება უაზრო მსხვერპლი, არ მჭირდება იმ ადამიანის დასჯა, რომელიც შესაძლოა, ჩემს საქმეში საერთოდ არ ფიგურირებდეს, თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფრთიანი ანგელოზია. დღეს არსებული ამ ცარიელი ფურცლებით, რაც საქმეში დევს, მე როგორც პირველ რიგში, ჟურნალისტი, ვერ ვრწმუნდები, რომ მტკიცებულებები არსებობს საქმეში, რომელიც დაადასტურებდა ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას”, - განაცხადა როგავამ.

ცნობისთვის, ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გდდ-ს სამი თანამშრომელია დაკავებული. სამივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×