
ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ განახლდა. მხარეები ერთმანეთის წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციებს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მოქმედებები საპასუხო ხასიათისაა, თუმცა ვითარება სწრაფად მწვავდება და უკვე გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთისა და ახლომდებარე რეგიონების სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.
ირანის განცხადებით, მისი ძალები თავს დაესხნენ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას, საპასუხოდ კი ვაშინგტონი აცხადებს, რომ დაარტყა ირანის სამხედრო შესაძლებლობებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის, სარაკეტო და საზღვაო ობიექტებს.
დაძაბულობის ახალი ტალღა ზრდის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკს, რაც შესაძლოა აისახოს როგორც საერთაშორისო ენერგომომარაგებაზე, ისე რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე. ანალიტიკოსებიც ზუსტად ამ საფრთხეებს ხედავენ.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანში დარტყმების ახალი ტალღის ფარგლებში ათობით სამიზნე დაიბომბა. სარდლობის ცნობით, მათმა ძალებმა პირველად დაარტყეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო რადარებს, რაკეტებსა და დრონებს, ასევე მცირე ზომის ნავებს აშშ-ის გამანადგურებლების, საზღვაო ხომალდების, საჰაერო დრონების და საზღვაო დრონების გამოყენებით.
ირანის სახელმწიფო მედია წერს, რომ აშშ-მა დარტყმები ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
თავის მხრივ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, "პ-8 პოსეიდონ" თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.
„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება", - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.
ირანის საგარეო უწყება აცხადებს, რო ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან მხოლოდ 25 დღის შემდეგ, აშშ-მა ღიად დაარღვია ამ შეთანხმების თითქმის ყველა ნაწილი.
"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის თავდასხმების ინტენსივობის ფონზე, ნავთობის ფასები იზრდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შეშფოთებას თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო", - წერს "სი-ენ-ენი"
რას ნიშნავს კონფლიქტის განახლება
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხარეებმა მესამე ფაზა დააჩქარეს, თუმცა ჯერჯერობით იმ მასშტაბის არ ჩანს, როგორც თებერვალ-მარტში იყო.
"საბრძოლო მოქმედებები ახლა განახლდა, ჯერჯერობით მასშტაბები ისეთი დიდი არ არის, როგორიც მარტის თვეში იყო. იმედია, აქამდე არ მივა საქმე. თუმცა, როგორც ჩანს, ორივე მხარე გარკვეულწილად ცდილობს, რომ მოლაპარაკებაზე ზეგავლენა მოახდინოს. თან, როგორც ვხვდები, მოლაპარაკება პარალელურად მიმდინარეობს.
- ვახტანგ მაისაია: "ვამბობდი, რომ მოქმედებები სექტემბერ-ოქტომბერში განახლდებოდა, თუმცა, დაჩქარდა და მესამე ფაზა დაიწყო. მხარეები ჩქარობენ"
"ვამბობდი, რომ მოქმედებები სექტემბერ-ოქტომბერში განახლდებოდა, თუმცა, დაჩქარდა და მესამე ფაზა დაიწყო. მხარეები ჩქარობენ - ირანელებს თავიანთი ინტერესები გააჩნიათ, ამერიკელებს - თავისი. ირანელებმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტეს და ულტიმატუმების მთელი კასკადი წაუყენეს. მგონი ტრამპზეც იმოქმედეს ფსიქოლოგიურად, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი ტრამპის მოკვლას აპირებდა. ამით ტრამპი ჩაითრიეს საბრძოლო მოქმედებებში.
"ახლა ამერიკელებს ჯერ კიდევ აქვთ შესავსები თავიანთი საბრძოლო მარაგები, ამიტომ შეიძლება ეს იყოს ხანმოკლე მოქმედებები",- განაცხადა მაისაიამ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არცერთი მხარე უკან არ იხევს და ამ ფონზე არაა გამორიცხული სიტუაცია გართულდეს.
"ფაქტია ირანი უკან დახევას არ აპირებს და ფაქტია, რომ ტრამპის პოლიტიკა გადავიდა იმაზე, რომ ჰორმუზის სრუტეში ფინანსური მოგება ხელში ჩაიგდოს - ამას არ მალავს. მის მიერ თებერვალში გაცხადებული მიზანი აღარ აინტერესებს. აინტერესებს, რომ ხომალდებმა ორმუზის სრუტეში იმოძრაონ და შემოსავალი მიიღონ.
"ირანი მეორე მხრიდან უყურებს და კატეგორიულად აცხადებს, რომ სტამბოლში დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს მივყვებითო, ორმუზის სრუტეს არავის არ დავუთმობთო. ახლა ამერიკამ დაიწყო ირანის შესაბამისი სამიზნეების დაბომბვა. ირანი თავის მხრივ ამას პასუხობს ბაჰრეინში, ქუვეითში, სპარსეთში და იმ ხომალდებზე, რომელიც, ასე ვთქვათ, მის მიერ ვერ კონტროლდება.
"სიტუაცია ასეთია - ვის ეყოფა გამძლეობა. ვის ეყოფა გამძლეობა რთული სათქმელია, მაგრამ ტრამპს თუ დასჭირდება, ყოველთვის უკან დაიხევს. მაგალითად, თუ დაინახა, რომ ფასებმა ბენზინზე იმდენად აიწია, რომ მის რეპუტაციას შეეხება და ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე იმოქმედებს.
"ტრამპის ქცევა რთულად პროგნოზირებადია - ამ ხნის განმავლობაში 40-ჯერ გამოაცხადა რომ ხან უკვე შეთანხმება დადო, ხან დაბომბავს, ხან არ დაბომბავს, ხან ისევ დაბომბავს და ასე შემდეგ. ამ დღეებშიც უკვე ორი ურთიერთგამომრიცხველი განცხადება გააკეთა",- განაცხადა მამრაძემ.
როგორ იმოქმედებს ჩვენს რეგიონზე კონფლიქტი
ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ იგივე გავლენა ექნება, როგორიც წინა ფაზებში ჰქონდა.
"ეს ჩვენზე ჯერჯერობით ისე იმოქმედებს, როგორც მარტში, თებერვალში იმოქმედა. ახლა მთავარია როგორ გავლენას მოახდენს საწვავის ფასზე და ა.შ. ამერიკელები, როგორც ჩანს, აპირებენ ტრამპის დერეფანში საკმაოდ სერიოზული ფინანსური ინვესტიციის ჩადებას, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა აშშ-ირანთან კონფრონტაციაშია და ესეც გარკვეულწილად იმოქმედებს რეგიონზე",- განაცხადა მაისაიამ.
- პეტრე მამრაძე: "ნავთობზე ფასების რყევა ადრე თუ გვიან ბენზინის ფასებზე აისახება, თორემ საქართველოს არავითარი წილი მსოფლიო ეკონომიკაში არ აქვს, რომ პირდაპირ აისახოს. მთავარია, მშვიდობა იყოს შენარჩუნებული საქართველოში"
კითხვაზე კონფლიქტის განახლება ჩვენს რეგიონსა და საქართველოზე როგორ იმოქმედებს, პეტრე მამრაძემ გვითხრა, რომ შესაძლოა ნავთობის ფასებზე აისახოს.
"ნავთობზე ფასების რყევა ადრე თუ გვიან ბენზინის ფასებზე აისახება, თორემ საქართველოს არავითარი ისეთი წილი მსოფლიო ეკონომიკაში არ აქვს, რომ პირდაპირ აისახოს. მთავარია, მშვიდობა იყოს შენარჩუნებული საქართველოში.
"მოგეხსენებათ, რეკორდული მაჩვენებელია შემოსული სტუმრებისა და სხვა ვიზიტორებისა, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ საქართველო მშვიდობიან ქვეყანად აღიქმება.
"ჩვენი ხელისუფლება ახლა რა პოლიტიკასაც ატარებს, ახლოსაა ნეიტრალურ პოლიტიკასთან, მაქვს საყვედურები, რადგან სანამ აქ რუსული ბაზები დგას, ევროინტეგრაციის შანსი არაა, მაგრამ მაინც, ასე თუ ისე, ამ პოლიტიკამ ის შედეგი გამოიღო, რომ რუსეთიც აცხადებს, რომ საქართველოდან არავითარ საფრთხეს არ ელიან და ჩვენს რეგიონშიც ურთიერთობები ნორმალურია.
"ირანიდან ნამდვილად არანაირი საფრთხე არ გვაქვს. რომ ააგორეს, ყაველაშვილი არ უნდა წასულიყოო, იქ 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი იყო, მათ შორის ჩვენი მეზობლებიც და ეს ანტიქართული ძალები ამას გაიძახიან არ უნდა წასულიყოო. არადა, ირანი ასეთ ჟესტებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ძალიან იმოქმედა დადებითად.
"არცერთი განცხადება, რომელიც ირანის ხელისუფლებას გააღიზიანებდა, არ იყო გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს ირანის მხრიდან დიდად დაფასებულია. თავის დროზე, როცა სამძიმარი გაიგზავნა აიათოლა ალი ხამენეის დაღუპულის გამო, ვთქვი, რომ ამან შეიძლება საქართველო უკეთესად დაიცვას-მეთქი, ვიდრე ანტისარაკეტო მოწყობილობებმა",- განაცხადა მამრაძემ.