
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ პირველი ერთობლივი კიბერპაკეტი აამოქმედეს და კოორდინირებული სანქციები დააწესეს. დასავლეთი მოსკოვის სპეცსამსახურებს ევროპის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებსა და ჰიბრიდული ომის გამკაცრებაში ადანაშაულებს.
ორშაბათს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციები აამოქმედეს. მიზეზი ევროპაში განხორციელებული კიბერშეტევებია, რომლებშიც დასავლეთი მოსკოვის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ადანაშაულებს.
ეს ნაბიჯი უკავშირდება დასავლელი მაღალჩინოსნების გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მეოთხე წელს, რუსეთმა ევროპის დესტაბილიზაციისკენ მიმართული „ჰიბრიდული" კამპანია გაამკაცრა.
ბრიუსელის განცხადებით, სანქციები 9 ფიზიკურ და 4 იურიდიულ პირს შეეხო, ხოლო ლონდონმა „შავ სიას" 24 ახალი სახელი დაამატა. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, აღნიშნული სანქციები - რაც ევროკავშირთან ერთად მიღებული პირველი ერთობლივი კიბერპაკეტია - მიზნად ისახავს „პასუხი გასცეს რუსეთის ხელისუფლების მუდმივ და მზარდ უგუნურ მცდელობებს, დათესოს ქაოსი და განხეთქილება მთელ ევროპაში".
მათ შორის, ვისაც აქტივები გაეყინა და ვიზები აეკრძალა, არიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები და ე.წ. „კიბერკრიმინალები", რომლებიც რუსულ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობენ.
თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ევროკავშირსა და ბრიტანეთში ასევე აღნიშნავენ, რომ პოლონეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ელექტროქსელზე, ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმის მცდელობა FSB-ის მე-16 ცენტრის (ჯაშუშური ჰაბის) მორიგი დივერსია იყო.
„ეს უგუნური თავდასხმა ჩავარდა, თუმცა, მას შეეძლო შუაგულ ზამთარში 500,000 მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშე დაეტოვებინა. ეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ევროპაში ქაოსის დათესვის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო მაგალითია", აცხადებენ ბრიტანეთის საგარეო უწყებაში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ კიბერშეტევების გამო, უახლოეს დღეებში საფრანგეთში რუსეთის ელჩს დაიბარებენ. ბაროს თქმით, თავდასხმები მიმართული იყო სამინისტროების, კომპანიებისა და სერვისის ოპერატორების წინააღმდეგ, მიზანი კი „ინფორმაციის მოპოვება ან ოპერაციების საბოტაჟი გახლდათ, მაგალითად, სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა, როგორც ეს პოლონეთში მოხდა".
საფრანგეთის საგარეო უწყებამ დაამატა, რომ სანქცირებულთა შორის მოხვდა „ჯგუფიც, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე იღებდა პასუხისმგებლობას".
მრავალწლიანი კიბერკამპანია ევროკავშირის განცხადებით, მრავალწლიანი კიბერკამპანიის სამიზნე, სხვებთან ერთად, გახდნენ: საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, ავსტრია, სლოვაკეთი, რუმინეთი და ფინეთი.
დასავლური სადაზვერვო სამსახურების მე-16 ცენტრს მავნე პროგრამების გამოყენებაში, რომელთა მეშვეობითაც უწყება ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯაშუშური წვდომის მოპოვებას, აქამდეც ადანაშაულებდნენ. დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი (რომელიც ლონდონმა 2020 წელს დატოვა) 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან მოსკოვის სანქციებით დასჯის პროცესის ავანგარდში იმყოფებიან.