
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ამნისტიისა და შეწყალების მიმართულებით არსებული რესურსი შეზღუდულია, თუმცა ხელისუფლება მის მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდება და ამ მიზნით საქართველოს პრეზიდენტთან აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება.
თუმცა, ირაკლი კობახიძე დასძენს, რომ შეწყალება და ამნისტია ვერ შეეხება იმ პირებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს.
პრემიერის შეფასებით, თუ 2012 წელს საქართველოში დაახლოებით 24 500 პატიმარი იყო, დღეს მათი რაოდენობა დაახლოებით 12 000-ს შეადგენს, თუმცა ხელისუფლების სურვილია, კანონის ფარგლებში ეს რიცხვი კიდევ შემცირდეს.
მოსალოდნელია თუ არა დიდი ამნისტია
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" პატიმრების თემით "სპეკულირებს" და დასავლეთთან სურს "ივაჭროს".
"რამდენი ხანია სპეკულირებენ, აშკარად ჩანს, რომ მათ უნდათ დასავლეთს თავი მოაწონონ. ძალაუფლებაში კი კარგად არიან, პრობლემები არა აქვთ და ახლა, არჩევნების წინ უნდათ ახლა გაინაღდონ. ესენი არჩევნებისთვის ემზადებიან და უნდათ, რომ თავისი ამომრჩევლის თვალში ჩანდნენ, როგორც ლეგიტიმურები.
- პაატა ზაქარეიშვილი: "შეიძლება რაღაც საერთო ამნისტია იყოს, სადაც ბევრ ადამიანს შეიწყალებენ, მათ შორის პოლიტპატიმრებსაც, რათა არ შექმნან განცდა, რომ მარტო პოლიტპატიმრებს ათავისუფლებენ"
"ეს საერთოდ ლუკაშენკოს ვარიანტია, ანუ, მათ არა აქვთ პრეტენზია იყვნენ დემოკრატიული სახელმწიფო, მათ აქვთ პრეტენზია იყვნენ ბელორუსის ტიპის სახელმწიფო. ლუკაშენკოს ტიპის მმართველობა ჰქონდეთ - სპეკულირებენ, ვაჭრობენ დასავლეთთან ცოცხალი ადამიანების თავისუფლებით. ძალიან უზნეო და ამორალურია, მაგრამ ეფექტურად მუშაობს ეს რაღაცები. ჩვენ ეს ვნახეთ არაერთხელ ვენესუელაში და ბელორუსიაში",- განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ პრეზიდენტმა შეწყალება გამოაცხადა, შეიძლება მოხვდნენ თუ არა ამ სიაში აქციებზე დაკავებულები, ან ის პოლიტიკოსები, რომლებსაც უკვე მიესაჯათ.
"შეიძლება რაღაც საერთო ამნისტია იყოს, სადაც ბევრ ადამიანს შეიწყალებენ, მათ შორის პოლიტპატიმრებსაც, რათა არ შექმნან განცდა, რომ მარტო პოლიტპატიმრებს ათავისუფლებენ.
"შეიძლება საერთო ამნისტიის კონტექსტში იყოს, ოღონდ, მთავარია, მათ უნდა ჰქონდეთ გარანტია იმისა, რომ მერე ევროპა მათ მიიღებს ისეთს, როგორიც ისინი არიან. არა როგორც დემოკრატიულებს, არამედ როგორც ავტორიტარულ მმართველობას. ჩავლენ ბრიუსელში, ან ვინმე ჩამოვა ბრიუსელიდან, ხელს ჩამოართმევს და ასე შემდეგ.
"მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ამას თუ გააკეთებენ, მერე სხვებს არ დააპატიმრებენ. წინ კიდევ აქვთ ეს საბოტაჟის საქმე, იქაც შეიძლება ადამიანების დაპატიმრება",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ აქციებზე დაპატიმრებული აქტივისტები და პოლიტიკოსები, რომლებსაც უკვე მიესაჯათ სასჯელი "მოინანიებენ", შეიძლება შეწყალება მათ მიმართაც იყოს გამოყენებული.
"ვერ ვხედავ პოლიტიკური კუთხით ამ საკითხის გამოყენებას. რატომ ვერ ვხედავ? იმიტომ, რომ პოლიტიკური კუთხით საქართველოში არავინ არ არის დაპატიმრებული. მათ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და ამით არიან ისინი დაპატიმრებულები.
- ედიშერ გვენეტაძე: "ვერ ვხედავ პოლიტიკური კუთხით ამ საკითხის გამოყენებას. იმიტომ, რომ პოლიტიკური კუთხით საქართველოში არავინ არ არის დაპატიმრებული"
"ის პოლიტიკოსები, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, იტყვიან იმას, რომ ისინი დამნაშავეები არიან და ინანიებენ და არ გაიმეორებენ, ვფიქრობ, შეიძლება გამოყენებული იქნას მათ მიმართ.
"ეს სახელმწიფოს გაცხადებული აქვს, თუ მოინანიებენ და იტყვიან, რომ ისინი მონაწილეობდნენ სახელმწიფოს გადატრიალებაში და მოინანიებენ, ეს გამოყენებული იქნება, ვინაიდან ეს სახელმწიფოს ღიად აქვს გაცხადებული",- გნაცხადა გვენეტაძემ.
რას ამბობს ირაკლი კობახიძე
მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსი, რომელიც არსებობს ამნისტიის მიმართულებით და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან.
„გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში. დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000. რაც შეეხება პატიმრების რაოდენობას, ჩვენი ზოგადი სურვილია პატიმრების რაოდენობა იყოს ნაკლები. ჩვენ გვაქვს გაძლიერებული ანტიკრიმინალური პოლიტიკა, გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ზომა იქნა მიღებული ამ მიმართულებით, მათ შორის ნარკოტიკების მიმართულებით. ძალიან მძიმე ვითარება იყო და მხოლოდ ამ ნაწილში დაგვჭირდა ჩვენ 3000-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება.
პირდაპირ საუბარი იყო ნარკოტიკების რეალიზაციაზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამ შემთხვევაში, ძალიან რთულია ამნისტიაზე ან შეწყალებაზე ფიქრი.
ეს არ იქნება სწორი. ძირითადი რა კონტინგენტზეც ვსაუბრობთ, უმეტეს შემთხვევაში, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან მსჯავრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე და რთული კატეგორიის დანაშაულებისთვის.
აქედან გამომდინარე, რესურსი შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამნისტიის მიმართულებით და რომელიც პრეზიდენტს აქვს შეწყალების მიმართულებით. ძალიან დიდი იყო შეწყალებული პატიმრების რაოდენობა 2024 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2025 წლიდან ძალიან ბევრი პატიმარი იქნა შეწყალებული. შესაბამისად, შეწყალების რესურსი შემცირდა. თუმცა, მაქსიმალურად შევეცდებით ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან", - განაცხადა პრემიერმა.