
აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ ეუთოს რეზოლუციასთან დაკავშირებით.
გიორგი გაბუნიას თქმითვე, ისიც კი იკადრეს, რომ ჯო უილსონის რანგის პოლიტიკოსის მიერ წარმოდგენილი პროექტი მიიღეს.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში. ისიც კი იკადრეს, რომ ჯო უილსონის რანგის პოლიტიკოსის მიერ წარმოდგენილი პროექტი მიიღეს. ჩვენ კარგად ვიცით ჯო უილსონი რა ტიპის პოლიტიკოსია, როგორ განცხადებებს აკეთებდა ის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვეულებრივი ქართველთ მოძულე ადამიანი, რომელსაც ქართულთან, საქართველოს სახელმწიფოსთან არანაირი დადებითი ემოცია არ აკავშირებს. ასეთი ადამიანის მიერ გატანილი რეზოლუცია მიიღეს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ეუთოს, რომელსაც ყოველთვის გარკვეული რეპუტაციული პრობლემები ჰქონდა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს საკუთარ თავს ამ რეზოლუციის მიღებით.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეს ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი, დებულებით გათვალისწინებული მიზანი გახლავთ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოებისათვის საჭირო პირობების შექმნა, ამ მიზნებს ვერ ასრულებს ეს ორგანიზაცია. დღეს ევროპაში აღარც უსაფრთხოებაა და აღარც თანამშრომლობა. ამიტომ, ურჩევნიათ საკუთარი მიზნების განხორციელებას მიხედონ, ვიდრე ქვეყანას, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, დიდი პოლიტიკური ზეწოლის ფასად უჯდება მშვიდობის შენარჩუნება, განვითარების შენარჩუნება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.