რეზონანსი
13.07.2026

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის თქმით, "როცა დრო მოვა" ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველაფერს აწონ-დაწონიან და ამის შემდეგ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს. ამის შესახებ უფლებადამცველმა "პირველებთან" განაცხადა.

მისი განმარტებით, შეწყალებაზე გადაწყვეტილება "გონივრული იქნება მაშინ, როცა იქნება იურიდიულად დამდგარი შესაბამისი შედეგები და მომენტი".

ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილი პრემიერის ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში "იმედის" სიუჟეტი გააზიარა თამაზ თამაზაშვილის შესახებ და დაწერა: "ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ."

"იურიდიულ ნაწილში არანაირი სიახლე არ არის ჯერ-ჯერობით. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რომ შეწყალებაზე, ან მაგდაგვარზე მივმართოთ პრეზიდენტს. თავად თვითონ ზის ჩვეულებრივად, როგორც იჯდა, მხნედ არის. შეწყალებასთან დაკავშირებით დავსხდებით, როცა დრო მოვა, გავივლით კის, არას, პლუსს, მინუსს, ავწონ-დავწონით და მაგის მიხედვით გავაკეთებთ განცხადებას, მივმართავთ განცხადებით შესაბამის ორგანოებს. 

არა, რა სიგნალს უნდა ველოდოთ იქიდან. არანაირ სიგნალს არ ველოდებით. როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, ბატონი ირაკლი რომ ჩათვლის საჭიროდ, მეც რომ ჩავთვლი საჭიროდ, გამომდინარე ვითარებიდან, აი მაგ დროს უკვე დავილაპარაკებთ შევიტანოთ, თუ არ შევიტანოთ. 

კი, ვიცით, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია რომ მივმართოთ. განაჩენი ჩაბარებული გვაქვს, სარეზოლუციოც, ყველანაირი დოკუმენტი ამოიწურა და როცა ჩავთვლით საჭიროდ მივმართავთ. რატომ არ ვთვლით, ან როდის ჩავთვლით საჭიროდ, ნება მოგვეცით ჩვენ გადავწყვიტოთ. ურჩევნია ოჯახთან კომუნიკაცია ბატონ ირაკლის და შესაბამისად ოჯახთან აქვს კომუნიკაცია წერილობითაც დარეკვითაც, შეხვედრითაც, რა თქმა უნდა თავის დროზე, როცა კანონი აძლევს ამის საშუალებას. 

მზა რეცეპტი არ არსებობს, რომ თქვათ 9 თვეში, 9 წელში, 27 წელში, თუ რაღაც, ასეთი მზა რეცეპტი არ არსებობს, გონივრული იქნება მაშინ, როცა იქნება იურიდიულად დამდგარი შესაბამისი შედეგები და მომენტი. 

ნება მოგვეცით ჩვენ გადავწყვიტოთ, როდის მივმართავთ, რატომ მივმართავთ, ან ვის მივმართავთ," - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა. 

12 იანვარს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და მას 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×