
უკვე 250 წელია, რაც ამერიკელები, როგორც თავისუფალი და სუვერენული ერი, საკუთარ თავს თავად ვმართავთ. ჩვენ თავად ვირჩევთ ჩვენს ლიდერებს და თავად ვადგენთ ჩვენს კანონებს. როდესაც დანაშაულში გვდებენ ბრალს, ჩვენი ბედი ჩვენივე თანასწორთაგან დაკომპლექტებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ეს ჩვენი მმართველობის სისტემის არსებითი და შეუცვლელი ნაწილია, რომელიც ჩვენი საერთო ცხოვრების წესის საფუძველს ქმნის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
„თუმცა დღეს, გავლენიანი ძალები და შორეული ცენტრები ცდილობენ, ეს უფლება წაგვართვან. მათ მიაჩნიათ, რომ უფლებამოსილნი არიან, განკარგონ თქვენი კანონები, თქვენი ქვეყანა და თქვენი ცხოვრებაც კი და მათთვის სრულიად უმნიშვნელოა, ეთანხმებით თუ არა მათ ამ ნაბიჯს.
მსოფლიოს მეორე ბოლოში არსებობს დაწესებულება, რომელიც საკუთარ თავს „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს“ უწოდებს. შესაძლოა, გსმენიათ კიდეც მის შესახებ, ან შესაძლოა - არა. თუმცა, დიდი ალბათობით, თქვენ არც მისი მოსამართლეების, არც პროკურორების და არც პრეზიდენტის ვინაობა გაგეგებათ. და სიმართლე ისაა, რომ არც უნდა იცოდეთ.
თუმცა, სწორედ ამ წუთებში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და მისი თანამოაზრეები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ - არა ტყვიებითა თუ რაკეტებით, არამედ კანონმდებლობით, შეთანხმებებითა და ე.წ. „საერთაშორისო სამართლის“ კარნახით.
როდესაც 24 წლის წინ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დაარსდა, გვპირდებოდნენ, რომ ის მხოლოდ შეზღუდული, დამხმარე მექანიზმის ფუნქციას შეასრულებდა: ეს იქნებოდა გლობალური ინსტანცია, რომელიც მხოლოდ უმძიმესი დანაშაულების - მაგალითად, გენოციდისა და სამხედრო დანაშაულების - დროს ჩაერეოდა, თანაც მხოლოდ მაშინ, თუ თავად ქვეყნის სასამართლო სისტემა აღმოჩნდებოდა უძლური, თავად აღესრულებინა მართლმსაჯულება.
თუმცა, სინამდვილეში, საქმე გაცილებით უფრო რადიკალურ და უკიდურეს მოვლენასთან გვაქვს: ეს არის გლობალური ტრიბუნალი, დაკომპლექტებული არარჩეული გლობალისტი ბიუროკრატებით, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ, რომ მათი ძალაუფლება პრაქტიკულად შეუზღუდავია.
ამ გლობალური სასამართლოს საფრთხე დღითიდღე მძაფრდება. დღეს ის ჩვენი პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის ყველა ფუნდამენტს ემუქრება - იქნება ეს სასაზღვრო სამსახურის აგენტები, რომლებიც მოძალადე დამნაშავეებს აძევებენ; ამერიკელი საზღვაო ქვეითები, რომლებიც სამშობლოს დასაცავად სიცოცხლეს სწირავენ; თუ პროკურორები, რომლებიც ამერიკელთა წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ შეთქმულებებს შლიან.
თუ უმოქმედოდ დავრჩებით, ისინი ათასობით მილის იქით მყოფი უცხოელი მოსამართლეების განკარგულებაში აღმოჩნდებიან. მათ მუდმივად დაემუქრებათ დევნისა და პატიმრობის საფრთხე იმ ე.წ. „დანაშაულისთვის“, რაც საკუთარი სამშობლოს დაცვას გულისხმობს. ამერიკელ ხალხს ამაზე არასდროს განუცხადებია თანხმობა და არც არასდროს იტყვის.
გადაიკითხეთ ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაცია: ჩვენ რევოლუციით დავუპირისპირდით უცხო ძალას, რომელიც „ოკეანეებს იქით გვგზავნიდა, რათა შეთითხნილი ბრალდებებისთვის გვეპასუხა“. დამოუკიდებლობა ჩვენი ბუნებითი, თანდაყოლილი უფლებაა და ჩვენ არასდროს მივცემთ უცხოელ ბიუროკრატებს იმის ნებას, რომ ის წაგვართვან.
ეს ადმინისტრაცია არ იქნება გულგრილი დამკვირვებელი, როდესაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და მისი თანამოაზრეები ჩვენს ხალხს ემუქრებიან. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა შეუძლიათ, ჩვენ მათ ამერიკული სიმტკიცის ნამდვილ მნიშვნელობას დავანახებთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ვიდეომიმართვაში.