"შეიძლება არაპოპულარული ღონისძიებაა, მაგრამ საჭირო და კიდევ უნდა გაგრძელდეს"
ქეთო გოგოხია
13.07.2026

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთბაშად შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, სულ რაღაც ექვს თვეში სახელმწიფო დახმარება 126 ათასზე მეტ მოქალაქეს შეუწყდა. მსგავსი მასშტაბის ადმინისტრაციულ თუ ეკონომიკურ ცვლილებებს, როგორც წესი, საზოგადოებრივი მღელვარება და პროტესტი ახლავს ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში პროცესი სრული სიმშვიდით მიმდინარეობს. ეს ფაქტი ბუნებრივად აჩენს კითხვას, სისტემამ მხოლოდ ის ადამიანები ჩამოაშორა, რომლებიც დახმარებას რეალურად არ საჭიროებდნენ, თუ საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ, უფრო ეფექტურ მეთოდთან.

სახელმწიფომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაამკაცრა და გააციფრულა შემოსავლების კონტროლი. თუ ადრე სოციალური აგენტის ვიზიტზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, ახლა სისტემა ავტომატურად ხედავს საბანკო ბრუნვას, მობილური ოპერატორების ხარჯებს, ქონების ან ავტომობილის შეძენას. ამ ფილტრმა მართლაც ჩამოაშორა სისტემას ის ადამიანები, რომლებიც ფორმალურად ითხოვდნენ დახმარებას, მაგრამ რეალურად სხვა შემოსავლის წყარო ჰქონდათ.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 710 226-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ივნისში 584 137-ს გაუტოლდა. მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 126 089 ადამიანით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა 18%-ით შემცირდა.

შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის კლებაზე ჟურნალისტებთან თბილისის მერმა  კახა კალაძემ ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ მიმდინარეობს გადახედვა იმ გადაწყვეტილებების, რაც პანდემიისას შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო მიღებული ადამიანების დასახმარებლად.

„პანდემიის პერიოდში, როდესაც გვქონდა საკმაოდ რთული ვითარება, ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, შესაბამისად. მაშინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს ჰქონოდათ გარკვეული ტიპის შემწეობა სახელმწიფოს მხრიდან. დღეს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა და ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ მიმდინარეობს გადასინჯვა. იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც არ ეკუთვნით სახელმწიფოს დახმარება, მათ უუქმდებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნით და ამის საჭიროება აქვთ, მათ შეუნარჩუნდებათ“, - განაცხადა კალაძემ.

რეალური მიზეზები და ფაქტორები, თუ რატომ  მოხდა სიიდან ათასობით ადამიანის ამოღება, რამდენიმეა.  სოციოლოგ პაატა აროშიძის მოსაზრებით, ამ შემცირების უმთავრესი მიზეზი 2022 წლიდან დაწყებული საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამაა.

,,როგორც წესი, სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან პირებს სახელმწიფო სთავაზობს დასაქმებას, მაგალითად, გამწვანების, დასუფთავების, ინფრასტრუქტურულ სამსახურში ანდა კერძო სექტორში ვაკანსიებს. გარდა ამისა, ბოლო წლებში ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმის ზრდამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები (განსაკუთრებით მომსახურების, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში), სადაც ნაწილობრივ სოციალურად დაუცველი მოსახლეობაც დასაქმდა. გარკვეული გავლენა შეეძლო მოეხდინა მიგრაციასაც. ემიგრაციის მაღალი ტემპის გამო, ბევრი ოჯახი ფიზიკურად ტოვებს ქვეყანას ან იწყებს საზღვარგარეთიდან გზავნილების მიღებას, რაც ოჯახის ქულების გადამოწმებისას, სააგენტოს მიერ შემოსავლების ბაზების კონტროლით,  შემწეობის შეწყვეტის მიზეზი ხდება.

სახელმწიფომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაამკაცრა და გააციფრულა შემოსავლების კონტროლი. თუ ადრე სოციალური აგენტის ვიზიტზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, ახლა სისტემა ავტომატურად ხედავს საბანკო ბრუნვას, მობილური ოპერატორების ხარჯებს, ქონების ან ავტომობილის შეძენას. ამ ფილტრმა მართლაც ჩამოაშორა სისტემას ის ადამიანები, რომლებიც ფორმალურად ითხოვდნენ დახმარებას, მაგრამ რეალურად სხვა შემოსავლის წყარო ჰქონდათ. 

სიების გადახედვა არის აუცილებელი ღონისძიება, გადამოწმება პერიოდულად უნდა ხდებოდეს. ზოგ შემთხვევაში ბენეფიციარების სოციალური პირობები იცვლება.  ვიღაცას ეზრდება ან კარგავს შემოსავალს, ეს ყველაფერი უნდა შემოწმდეს. შეიძლება არაპოპულარული ღონისძიებაა, მაგრამ საჭირო“, - აღნიშნა აროშიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ეკონომისტები საუბრობენ იმაზეც, რომ სურათი დაახლოებით 2-3 წელიწადში გამოიკვეთება, როცა ცნობილი გახდება,  სიიდან ამოვარდნილი რამდენი ადამიანი შეძლებს ცხოვრების დონის რეალურად გაუმჯობესებას, როცა სახელმწიფოზე არ იქნება დამოკიდებული.

ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, სერიოზული სამუშაოა გასატარებელი განსაკუთრებით რეგიონების მიმართულებით, რომ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდობას მუშაობის მეტი მოტივაცია მიეცეს და საკუთარი შრომით გაზარდოს ოჯახის შემოსავალი.

,,ეკონომიკურად და მენტალურადაც ძნელია, რომ ადამიანს უარი უთხრა დახმარების გაცემაზე, მაგრამ ამან სტიმული უნდა მისცეს დამოუკიდებელი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონებს, ამ  მიმართულებით სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. დადასტურებული ფაქტია, რომ  სოციალურ დახმარებას იღებს ისიც, ვისაც ამის საჭიროება არ აქვს. მათ შორის ბევრი ისეთიცაა, ვისაც დახმარების მიღების შემდგომ პერიოდში სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაუუმჯობესდა, მაგრამ  დახმარება არ შეუჩერებია. სავარაუდოდ, საერთო სიას ადამიანების ეს კატეგორია გამოაკლდა. მნიშვნელოვანია, როგორ გაიცემა შემწეობა, კარგი იქნება, თუკი პრეტენდენტი გააკეთებს განცხადებას, რის შემდეგაც სოცაგენტი მივა ადგილზე  და დეკლარაციას შეავსებს. ამით უფრო თვალსაჩინო სურათი გამოიკვეთება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" რამაზ გერლიანმა.

„ბიზნესპრესნიუსის“  ცნობით, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ასე გამოიყურებოდა: იანვარი - 710 226 ადამიანი; თებერვალი - 709 458 ადამიანი; მარტი - 667 793 ადამიანი; აპრილი - 645 920 ადამიანი; მაისი - 605 033 ადამიანი; ივნისი - 584 137 ადამიანი.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×