რეზონანსი
13.07.2026

 აშშ-ის ომის დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო ოპერაციების დასაცავად მკაცრი ზომები წესდება.

უწყების მდივანი პიტ ჰეგსეტი ღიად საუბრობს მედიაში სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვით გამოწვეულ საფრთხეებზე და იუსტიციის დეპარტამენტთან ერთად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას აანონსებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება სამხედროების ღალატია და ნებისმიერი პირი, ვინც ამ ნდობას ბოროტად გამოიყენებს, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვცხოვრობთ დინამიკური და მაღალი რისკების გარემოში, სადაც მკაცრად დაცულ ინფორმაციაზე წვდომა და მისი შეგროვება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ჩვენს წინაშე არსებული რეალობის სრულად გასააზრებლად. ომის დეპარტამენტის სენსიტიური ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნება შეიცავს სრულიად რეალურ საფრთხეს, განსაკუთრებით მძიმე ზიანი მიადგეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მთლიანობას.

ეროვნული თავდაცვის სფეროს სენსიტიური ინფორმაციისა და სახელმწიფო საიდუმლოებების გაჟონვა იმ ქალებისა და მამაკაცების ღალატია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უნიფორმას ატარებენ. ეს ისეთივე ძველი პრინციპია, როგორც თავად ომი, ხოლო შეერთებულ შტატებში ის ჩვენი რესპუბლიკის დაარსებიდან არსებობს. თავად ჯორჯ ვაშინგტონიც კი ებრძოდა ინფორმაციის გაჟონვას, შიდა საფრთხეებსა და ჯაშუშობას.

დღეს, როდესაც დეპარტამენტიდან ინფორმაციის გაჟონვა ხდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის დეპარტამენტსა და ფედერალური სამართალდამცავი სისტემის სხვა პარტნიორებს, მათ შორის გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ქმედითი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ომის დეპარტამენტმა და იუსტიციის დეპარტამენტმა შექმნეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ინფორმაციის გამამჟღავნებელთა გამოვლენა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემა.

მსურს მადლობა გადავუხადო გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, ბლანშს, ამ მნიშვნელოვან პროექტში გაწეული დახმარებისთვის. ვამაყობ, რომ ჩვენი დეპარტამენტები დღეს ისე მჭიდროდ თანამშრომლობენ, როგორც არასდროს და ჩვენი მებრძოლებისა და მათი ოპერაციების დასაცავად დამატებით ადამიანურ და ახალ რესურსებს გამოყოფენ.

ინფორმაციის გაჟონვით გამოწვეულ საფრთხეებთან საბრძოლველად, დაუყოვნებლივი ძალით, ომის დეპარტამენტის მთავარი იურიდიული მრჩევლის ოფისს გადავეცი დავალებების გაცემის უფლებამოსილება. ეს ომის დეპარტამენტის მთავარი იურიდიული მრჩევლის ოფისს უფლებას აძლევს, მედიაში ინფორმაციის გაჟონვის გამოძიებებთან დაკავშირებით დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულისგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, ჩანაწერი და საჭირო მხარდაჭერა.

დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელი ამ მოთხოვნებს პრიორიტეტულად განიხილავს. ომის დეპარტამენტის მთავარი იურიდიული მრჩევლის ოფისს მიერ, ამ უფლებამოსილების ფარგლებში გაცემულ ნებისმიერ დავალებაზე, სრული და ამომწურავი პასუხი მისი გაცემიდან 48 საათის განმავლობაში უნდა იყოს წარმოდგენილი.

გაჟონილი ინფორმაცია საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.

ეს ახალი ინსტრუმენტები და პროცედურები მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს ჩვენი გაერთიანებული ძალების დაცვაში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არ შეიძლება იქცეს სავაჭრო საგნად მათთვის, ვინც მხოლოდ წამიერი სენსაციური სათაურების მოპოვებას ცდილობს. კონფიდენციალურ და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ნდობას ემყარება და ისინი, ვინც ამ ნდობას უღალატებენ, კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, ბლანშს, და ჩვენს ფედერალურ სამართალდამცავ პარტნიორებს ამ გამოძიებებში თანამშრომლობისთვის, რათა დავიცვათ და უზრუნველვყოთ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება." - აცხადებს ომის დეპარტამენტის მდივანი პიტ ჰეგსეტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×