
ერთი ღამის განმავლობაში მთლიანად შეიცვალა თელავის ქუჩები. სტიქიამ თავისი კვალი ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურას დაატყო. უხვმა ნალექმა სრულად გაანადგურა პირველ სართულებზე მდებარე სივრცეები.დაზიანებულია 20-ზე მეტი კომერციული ობიექტი
თელავი მეორე დღეა უხვი ნალექის შედეგებს ებრძვის. ყველაფერი 12 ივლისს შუა ღამეს დაიწყო. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა. დაანგრია ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი და ქვა ღორღი ცენტრალურ ქუჩებზე ჩამოიტანა.
40 საათზე მეტია თელავში 100 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მდინარე კალაპოტს უკვე დაუბრუნდა. სრულად გაწმენდილია კავკასიონის ქუჩაც. სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალაც ჩაერთო. სტიქიის ზონაში დღეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ჩავიდნენ. მოხალისეებმა უკვე გაასუფთავეს ის ტერიტორიები, სადაც მძიმე ტექნიკა შესვლას ვერ ახერხებდა. პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 500-ზე მეტი პირია ჩართული.
სტიქიის ზონაში დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა. შალვა პაპუაშვილი მიმდინარე სამუშაოებს, საგანგებო შტაბის მუშაობას ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაზარალებულების დასახმარებლად შესაბამის ზომებს მიიღებს.
ძლიერმა წვიმამ დატბორა ქუჩები, საცხოვრებელი კორპუსები და ვენახები. დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზებიც. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საზოგადოებრივი სივრცეები და სკვერები.
თელავში მომხდარ სტიქიას დღეს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. მედიის კითხვაზე - იყო თუ არა დარღვეული ურბანული დაგეგმარების დროს სტანდარტები, მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ საკითხით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევებისგან თითოეული ქალაქი დაცული იყოს.
სტიქიის შესახებ ორი დასკვნა უკვე გამოაქვეყნა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ. დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განვითარდა, როგორც მეწყრული, ისე ღვარცოფული და ეროზიული პროცესები. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ინტენსიურმა ნალექმა, და ბუნებრივმა ფაქტორებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მიმდინარე პროცესებს. გეოლოგები განაგრძობენ მონიტორინგს მდინარე ვანთისხევის, თურდოს და ჭანთისხევის კალაპოტზე, სადაც სპეციალისტების შეფასებით, კვლავ აქტიურია ღვარცოფულ-ეროზიული პროცესები.