"სავსებით მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო გამწვავება, რაც მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს“
ირმა ჩიტაია
13.07.2026

ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ისევ დაძაბულობაა. გლობალური პროცესები ჩიხში შედის და ამან შეიძლება სერიოზული პრობლემა ყველა მიმართულებით გამოიწვიოს, პირველ რიგში, ნავთობპროდუქტების მარაგთან დაკავშირებით. ერთ-ერთი გამოსავალია, ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ, საკუთარი ეკონომიკის უსაფრთხოებაზე მეტი აქცენტი გააკეთონ. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ამ კონფლიქტის მოგვარება ახლო მომავალში წარმოუდგენელია და ვითარება შეიძლება  კიდევ უფრო გამწვავდეს, რაც დიდ მასშტაბურ ცვლილებას გამოიწვევს. 

როგორც ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ აღნიშნა, ნავთობპროდუქტების მომარაგების მხრივ საქართველოსთვის ეს საკითხი ნაკლებად პრობლემურია, ვინაიდან ნავთობის მსხვილი მზარმოებლები მეზობელი ქვეყნებია და ამით ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება კრიზისი შედარებით მსუბუქად გადაიტანოს.

,,აშშ-ირანს შორის არც ერთი საკითხი არ არის მოგვარებული, რის გამოც ეს კონფლიქტი დაიწყო. ნებისმიერი შეთანხმების პირობებს თავიდანვე დიდი ეჭვით ვუყურებდი. არც ერთი პირობა შესრულებადი არ იყო. პირველ რიგში, აშშ ვერ  მისცემდა თავს იმის უფლებას, რომ ირანის პირობას დათანხმებოდა და აქედან გამომდინარე, ეს შეთამხმება განწირული იყო. 

რაც შეეხება ნავთობის ღირებულებას, რომელიც ბოლო პერიოდში შემცირდა, ეს არ არის რეალური ფასი - "ფიუჩერსული" ღირებულებაა. შესაბამისად, ნებისმიერ მომენტში შეიცვლება ვითარება. სერიოზული პრობლემაა მოსალოდნელი, რადგან ნავთობის მარაგი უკვე იწურება. მომავალში დიდი დაბრკოლებებია იქნება სავარაუდოდ, რამაც შეიძლება კრიზისი გამოიწვიოს. 

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთვის ეს საკითხი ნაკლებად პრობლემურია, ვინაიდან ნავთობის მსხვილი მწარმოებლები მეზობელი ქვეყნებია და ამით ცოტა შეღავათი გვექნება, მაგრამ აქაც გარკვეული პრობლემაა მოსალოდნელი. მშენებლობის ინდექსი გაზრდილია და ესეც დიდწილად ენერგომატარებლების მაღალი ღირებულებით არის გამოწვეული. იმის თქმა მინდა, რომ გლობალური დაძაბულობა ყველგან და ყველაფერში აისახება. თუმცა, ჩვენ გრძელ ენერგეტიკულ მარშრუტებზე არ ვართ დამოკიდებული, რაც შეიძლება ,,უსაფრთხოების ბალიშად“ ჩავთვალოთ ამ კრიზისულ ვითარებაში და  ესეც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

სპარსეთის ყურე არის მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით 25%, რაც უზარმაზარი მოცულობაა, რომლის ჩანაცვლების შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. კაპანაძის შეფასებით, არც კი ჩანს თუნდაც მცირე იმედი იმისა, რომ პრობლემა მოგვარდება, რამაც შეიძლება ქვეყნები სამომავლოდ დიდ კრიზისამდე მიიყვანოს.

,,ჰორმუზის სრუტის გარშემო დიდი დაძაბულობა ნარჩუნდება. ამასთან, ნავთობის ერთ-ერთი უიმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნის - რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა უკრაინასთან ომის დროს და ამასაც აქვს თავისი უარყოფითი გავლენა. ჰორმუზის სრუტის გახსნა ამერიკის პირობებით ირანისთვის ყოვლად მიუღებელია და ამას არც დაუშვებს. ის არ არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება აიძულო. ამიტომ, კონფლიქტის მოგვარებას ახლო მომავალში არ ველი, ვითარების კიდევ უფრო გამწვავება კი სავსებით მოსალოდნელია, რაც მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს“, - დასძინა ნოდარ კაპანაძემ.

ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მდგომარეობის გაუმჯობესებას არც ეკონომისტი გიგი მომცელიძე ვარაუდობს. ის არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტი წლობითაც გაგრძელდეს, რაც გლობალური უსაფრთხოების რისკებს ზრდის.

,,მუდმივად იქნება გარკვეული ესკალაციები, თუნდაც მცირედი, რაც რისკს მაღალ ზღვარზე შეინარჩუნებს. ამ ინტერესთა გადაფარვას დასასრული არ უჩანს. შესაბამისად, ძნელია სტაბილიზაციის მიღწევა. 

საქართველოსთვის მთავარია, როგორ იქნება ჩვენი პოზიციონირება სტრატეგიულ პარტნიორებთან. ფაქტია, რომ კიდევ გაძვირდება მომსახურება და პროდუქცია. მიწოდების არხების პრობლემის გამო, მსოფლიოში ნავთობის დეფიციტი მოსალოდნელია. ამას ვერც რუსეთის ნავთობზე სანქციების მოხსნამ უშველა და მომავალშიც ეს ტენდენცია დაბალი ტემპით, მაგრამ გაგრძელდება. 

ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ესკალაცია ასე მარტივად არ მორჩება. პირიქით, უნდა ველოდოთ რეგიონში დესტაბილიზაციის ტალღის გაგრძელებას. ჩვენთვის და მიმდებარე სახელმწიფოებისთვის ეს ცალსახად გამოიწვევს გადაჯგუფებას საგარეო ეკონომიკურ, ისე სავაჭრო ურთიერთობებში“, - აღნიშნა ეკონომისტმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე ხელახლა ჩაკეტა. გადაწყვეტილების მიზეზად აშშ-ის სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული მტრული ქმედებები სახელდება. ირანული მხარის განმარტებით, შექმნილი ვითარების გამო, სრუტეში გემების გადაადგილება ამჟამად შეუძლებელია.

როგორც ირანული მხარე იუწყება, რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის აღდგენისთანავე, უწყება გემების გატარების შესახებ ყველა არსებულ განაცხადს დადგენილი განრიგის მიხედვით განიხილავს და ნებართვების გაცემის პროცესს განაახლებს.

ირანის სპარსეთის ყურის სრუტის უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებართვის მიღების ერთადერთ გზას მათი ოფიციალური ვებგვერდი წარმოადგენს და ის გემი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას, ჰორმუზის სრუტეს უსაფრთხოდ ვერ გაივლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×