რეზონანსი
15.07.2026

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები დაკავებული პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ახლობლებს აქვთ განცდა, რომ 35 წლის კაცს, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა, შესაძლოა, მუხლი გადაუკვალიფიცირონ. 

დაღუპულების ოჯახი ითხოვს, დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯოს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც კაცმა დედა-შვილს ავტომობლი დააჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დაშავებულებისთვის დახმარება არ გაუწევია. 

ამასთან, დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომელიც აღწერს რა ხდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე მაშინ, როდესაც 35 წლის ბიზნესმენი სავარაუდოდ,  მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და დედა-შვილს შეეჯახა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კაცი, რომელიც საჭეს მართავდა, მანამდე ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარის გამო სამჯერ იყო დაჯარიმებული.

რევაზ ელიზაბარაშვილს ახლა 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ 35 წლის ბიზნესმენს ბრალდება უკვე წარუდგინა. 

"12 წელი რა არის? ქურდებს აძლევენ 17 და 20 წელს, ორი ადამიანი მოკლა და 7 წელი, მერე გაუნახევრდეს და 3 წელიწადში გამოვიდეს, ოჯახები, მგონია 1 წელზე მეტს არ გაატარებინებენ შიგნით. შეძლებული ოჯახია და რა თქმა უნდა. ამ მუხლით, რომლითაც დაიწყეს ძიება შეუძლებელია, მკვლელობა მოახდინა და სატრანსპორტო წესების დარღვევის მუხლი აქვს მიყენებული. პირობითი ჰქონდა, მთვრალი იყო, გზაზე მიატოვა. რომ შეაყენა მანქანა, მერე უკან დაძრა. უკან რომ არ დაეძრა, იქნებ ცოცხლები გადარჩენილიყვნენ და გაიქცა ადგილიდან, უბედურებაში მიატოვა. ქვეყანა მუხლებია, რის გამოც უვადო ეკუთვნის და არა 4-დან 7 წლამდე. ჩვენ ამას არ შევეგუებით, გამორიცხულია", - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. 

"ტვ პირველი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×