მეოთხე დღეა, თელავში მომხდარმა სტიქიამ ადგილობრივები, სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოხალისეები და სახელმწიფო სტრუქტურები გააერთიანა - ყველა ერთად, უწყვეტ რეჟიმში გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული.
სტიქიის ზონაში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 24 საათის განმავლობაში მუშაობს მძიმე ტექნიკაც. სალიკვიდაციო სამუშაოები თელავში 3 ძირითად ლოკაციაზე გრძელდება. მიმდინარეობს ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები.
მოძრაობა აკრძალული რჩება თელავში ვარდოშვილის ქუჩაზე, სადაც დღეს ექსპერტები ჩავიდნენ და არსებული ვითარება შეისწავლეს. სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, როდის გაიხსნება იქ მდებარე ობიექტები. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.
შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, სტიქიის დროს ყველა პრევენციულმა მექანიზმმა გამართულად იმუშავა. პარლამენტის თავმჯდომარე თელავში არსებულ ვითარებას სტიქიის პირველივე დღეს ადგილზე გაეცნო.
სტიქია კახეთში 12 ივლისს მოხდა. უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადავიდა და ქალაქში ქუჩების ნაწილი დატბორა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.