
ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ სრულ ქაოსსა და შიდა დაპირისპირებებს ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. იგი ღიად წავიდა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. მისი ეს მცდელობა პირდაპირ უკავშირდება იმ საპროტესტო ტალღის დინამიკას, რომელმაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში სრულიად განსხვავებული ეტაპები გაიარა. ამ ფონზე, ოპოზიციური სპექტრი კიდევ უფრო მეტად ირღვევა, რაც პროცესებს სრული უნდობლობისკენ მიაქანებს.
თავდაპირველად პოლიტიკური ოპოზიცია ვერ ახერხებდა საპროტესტო პროცესების ეფექტურად მართვას. ამ პერიოდში პროტესტის ორგანიზებასა და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სამოქალაქო აქტივისტები და თავად საზოგადოება იღებდა.
ამ ფაზის შემდეგ დაიწყო აქტიური მზადება ძალების გასაერთიანებლად, რამაც საბოლოოდ ორგანიზებული სახე მიიღო. მომზადების შედეგად ჩატარდა 26 მაისის აქცია. ეს იყო მომენტი, როდესაც საზოგადოებრივმა მუხტმა და პოლიტიკურმა სპექტრმა საერთო ძალისხმევა აჩვენეს, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ამ აქციის ორგანიზატორებს სხვადასხვა მხრიდან კრიტიკა და დაპირისპირება დაატყდათ თავს.
პროცესებში ზურაბიშვილის შესვლა
ახლა ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც თავის მხრივ სურს ამ პროცესების ლიდერობის საკუთარ თავზე აღება და გაძღოლა.
სალომე ზურაბიშვილის რიტორიკაში მკაფიოდ ჩანს, რომ იგი პრაქტიკულად ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მიდის. იგი პირდაპირ აცხადებს, რომ პარტიებმა საზოგადოების ნდობა დაკარგეს და საკუთარი ვიწრო ინტერესები ქვეყნის ინტერესებს უნდა დაუთმონ.
მისი პოზიციით, ტრადიციული პოლიტიკური გაერთიანებები უუნარო აღმოჩნდა, ამიტომ საზოგადოება აღარ უნდა ელოდოს მათ და პროცესების მართვა თავადვე უნდა აიღოს ხელში. ზურაბიშვილი მიანიშნებს, რომ პარტიები კი არ უნდა უძღოდნენ ხალხს, არამედ პირიქით - პოლიტიკოსები იძულებულნი უნდა გახდნენ, საზოგადოებრივ დაკვეთას უკან გაყვნენ, რაც მის სკეპტიკურ და კრიტიკულ განწყობას უსვამს ხაზს არსებული ოპოზიციური სპექტრის მიმართ:
„აღარ გაქვთ უფლება, რომ გვერდზე გაიწიოთ და თქვათ, რაც იქნება იქნება, აბა მე რა შემიძლია. დიახაც, თქვენ და ყველას ერთად შეგვიძლია. მე პირადად, თქვენთან ერთად შემიძლია და არა მარტო. აღარ გვჭირდება მარტო ლიდერები, მესია, რომელიც ჩამოფრინდება და გადაგვარჩენს. თუ ჩვენში ვერ მოვძებნოთ სოლიდარობის, ერთმანეთის გაგების ძალას, მაშინ ამ ქვეყნის ღირსი არ ვართ და უნდა შევიგნოთ.
პარტიებმა უნდა დაიბრუნონ საზოგადოების ნდობა. ამისთვის საჭიროა ერთხელ დათმონ პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.
- სალომე ზურაბიშვილი: ტრადიციული პოლიტიკური გაერთიანებები უუნარო აღმოჩნდა, ამიტომ საზოგადოება აღარ უნდა ელოდოს მათ და პროცესების მართვა თავადვე უნდა აიღოს ხელში.
მთავარი საკითხია, როგორ და როდის ჩაატარებენ არჩევნებს და როგორია ჩვენი მზადყოფნა იმისთვის, რომ ეს არჩევნები წავართვათ. ამას სჭირდება ძალიან დიდი მზადება და იმის შეგნება, რომ ეს არის ჩვენი შანსი, დავიბრუნოთ ეს ქვეყანა.
ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან ეს რეზოლუციები და შეფასებები არ იცვლება; მალე თითქმის ორი წელი შესრულდება და მათი პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ მძიმდება. ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება დღითიდღე იღებს იმგვარ რეპრესიულ ზომებს, რომლებიც საზოგადოების ყველა სეგმენტს ეხება. ეს ყველაფერი კი შეუმჩნეველი და ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ჩვენი ვერცერთი პარტნიორისთვის”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტი თვლის, რომ ძველი პოლიტიკური გაერთიანება, სავარაუდოდ, "რეჟიმის ჩარევისა" და მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების ციხეში ყოფნის გამო ვერ შედგა.
„ბრძოლით არჩევნებს აქვს სულ სხვა დატვირთვა, ეს არ არის ის არჩევნები, სადაც ხან ერთი პარტია, ხან მეორე პარტია ცდილობს, რომ მის ირგვლივ მოაგროვოს მაქსიმალურად თავისი მხარდამჭერები. აქ უნდა იყოს სრული ერთობა საზოგადოების და მე არ ვლაპარაკობ იმ ძველ გაერთიანებას პოლიტიკური პარტიების, რომელიც, როგორც ჩანს ვერ შედგა და ალბათ, ამ რეჟიმის ჩარევების გამო, ან თუნდაც იმის გამო, რომ ძალიან დიდი ნაწილი ამ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ციხეში არიან დღეს და შეიძლება დაუმძიმდეს კიდევ მათ ეს სასჯელები, აუცილებელია საზოგადოებამ აიღოს თავის თავზე და მოამზადო ის, რაც არის მისი მომავალი და ამ მომავალს უნდა ბრძოლით წართმევა ამ რეჟიმისგან, არ შეიძლება ჩვენ დავუთმოთ ქვეყანა და გაჩუმდეთ ყველაფერზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში," —განაცხადა სალომე ზურაბიშილმა.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს მთავარი გამწევი ძალა საზოგადოება უნდა იყოს, რადგან სწორედ საზოგადოებაა ლოკომოტივი.
„როცა საზოგადოება თავის თავს და თავის ბრძოლას ძალიან კარგად დაინახავს, ასევე პოლიტიკური პარტიები დაინახავენ, რომ უნდა გაყვნენ საზოგადოებას ამ შემთხვევაში, ეს არის ის გამონაკლისი, როცა პოლიტიკოსები უნდა გაყვნენ საზოგადოების დაკვეთას... საზოგადოება არის ლოკომოტივი, საზოგადოება არის წამყვანი და საზოგადოება გადაარჩენს თავის თავს," - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ქაოსი ოპოზიციაში
ამ ყველაფრის პარალელურად, ოპოზიციურ ფლანგზე სრული დაპირისპირება და ქაოსია. „კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ღიად აკრიტიკებს და უპირისპირდება თავად ოპოზიციურ ალიანსს. იგი მიუთითებს, რომ ამ ერთობამ „სისუსტეები აჩვენა“, ალიანსის წესდება ირღვევა, ცალკეული ჯგუფები რეგიონებში დამოუკიდებლად დარბიან და კულუარულად არჩევნებში შესვლაზე ვაჭრობენ, რაც საერთო საქმის ღალატია.
ამასთანავე, გვარამიას პრეტენზიები აქვს მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, თუმცა მათზე საკმაოდ შეფარვით და ფრთხილად საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ენმ აუცილებლად უნდა იყოს ცვლილებების ავანგარდში, მაგრამ მხოლოდ „ერთ-ერთი“ და არა ერთპიროვნული მმართველი. გვარამია ხაზს უსვამს, რომ თავად ბევრ რამეს ითმენს და აიტანს, რათა ამ თავდასხმებით დასავლელი პარტნიორების თვალში ოპოზიციის ისედაც შერყეული ერთობა საბოლოოდ არ ჩამოიშალოს.
- ნიკა გვარამია: მე მგონია, რომ ამ ფორმატმა აჩვენა სიცოცხლისუნარიანობა. თუმცა ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ ჩვენ ხელახლა შევიკრიბოთ ხელმომწერები და გადავიაზროთ, რას ვაკეთებთ. არის ეს ის, რაც ჩავიფიქრეთ?
„სამწუხაროდ, ოპოზიციის ფლანგზე დაპირისპირება არის. 26 მაისის მშვენიერი აქცია იყო. უბრალოდ, მეორე დღეს რაც მოხდა პოლიტიკური სპექტრის ცალკეული წარმომადგენლებისგან, ეს იყო ცუდი. ხომ არ შეიძლება ყველამ ურახუნოს 26 მაისის აქციის მომწყობებს? რეალურად ხომ ასეა? და ინიციატორებს ხომ ყველა მხრიდან შეიძლება ბათქა-ბუთქი ატყდეს, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცა ვერ ხედავს საკუთარ თავს.
მე არ მაწუხებს „ნაციონალური მოძრაობა. ზუსტად ვიცი, რომ ენმ აუცილებლად უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილების ავანგარდში, მაგრამ ის უნდა იყოს ერთ-ერთი.
ჩემი პარტია გაცილებით უფრო მყარად დგას ამ წუთში, ვიდრე სხვების. აღარ ჩამოვყვები ახლა შედარებებს, მაგრამ მოწადინებული ვარ იმიტომ, რომ ამას მეუბნება ყველა, ვისაც ვხვდები გარეთ და შიგნით. ამას აქვს მნიშვნელოვანი შეფასება დასავლელების მხრიდან. მათ უნდათ, რომ ერთიანობა ნახონ, რადგან ოპოზიცია ერთი პირით ლაპარაკობდეს - ერთი და იგივეს კი არა, არამედ ერთი პირით მოლაპარაკე სუბიექტი იყოს.
მე არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვახსენებ აქეთ, რომ არ იყოს თავდასხმა. განსაზღვრული მაქვს ჩემთვის, რომ უნდა ავიტანო და მოვითმინო. ეს განსაზღვრული მაქვს არა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული პრიორიტეტი მაქვს - უკვე არავის მიმართ აღარ მაქვს, პრაგმატულადაც ასეა საჭიროა.
მე მგონია, რომ ამ ფორმატმა აჩვენა სიცოცხლისუნარიანობა. თუმცა ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ ჩვენ ხელახლა შევიკრიბოთ ხელმომწერები და გადავიაზროთ, რას ვაკეთებთ. არის ეს ის, რაც ჩავიფიქრეთ? უკვე იმ მოტივით, რომ გადავიაზროთ, რა ხდება ჩვენს თავს. ეს მოცემულობა, რომელიც თავის დროზე შევქმენით და რომელმაც იმუშავა, მერე სისუსტეები აჩვენა. ამ მოცემულობის პირობებშიც ჩვენ ვაგრძელებთ ერთად სიარულს. ისე კი არაა, რომ გამოცანებით ერთმა ნაწილმა პარტიის რომელიღაცას რაღაც, ან რეგიონ-რეგიონ იაროს და ალიანსის წესდების დარღვევით ილაპარაკოს - ხვალ არჩევნები, რომ იყოს შევალთო. ეს დარღვევაა”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, ნიკა გვარამიამ მომავალ არჩევნებზე საუბრისას თქვა, რომ ვერ მოუწოდებს ადამიანებს, არჩევნებზე მივიდნენ, როდესაც, მისი თქმით, მილიონი ქართველი, რომლებსაც უზარმაზარი ფული შემოაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში, არ არის ამომრჩეველი.
„წინაპირობებს შექმნა უნდა და მუშაობა, ოღონდ ორი წლით ადრე თუ იტყვი, რომ არაფერს აზრი არ აქვს, ორი წლის შემდეგ შეიძლება, მომავალ წელს იყოს არჩევნები, მაგრამ ხომ გვიმტკიცებდნენ ერთი წელი, ხვალ იქნება არჩევნებიო, ნიშნავს ივანიშვილი, საკონსტიტუციო უმრავლესობას წაიღებსო, ისე აუდგეს გვერდები, არავინ არაფერი არ დანიშნა ჯერ. არ სჭირდება ივანიშვილს დამატებითი თავის ტკივილი, არ არის ეს მისთვის პრობლემატური სიტუაცია, მაგრამ დღეს თუ ივანიშვილს ეტყვი: „გინდა, დათმე, გინდა არა, მე იქ ვარ, შენ თამაშში“, ეს ტაქტიკურადაც არ მესმის. მეორე საკითხია სტრატეგია, მორალი. ჩვენი მოთხოვნაა, მაქსიმალურად მოვიახლოვოთ ის, რასაც ჰქვია არჩევნები, როგორც არის, რაზეც ირაკლი კობახიძემ მითხრა, დაგიჭერო. დაგიჭერ კიდევ ერთხელო იმიტომ, რომ შიგნით აქცია და გარეთ სანქცია არის პრობლემაო. ჩვენ უნდა გვეყოს მოთმინება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.