ნატალია ჯვარიძე
15.07.2026

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების გარშემო ატეხილი ხმაური ხელოვნურია. აცხადებს, რომ რადგან ოპოზიციას არც არჩევნებში წარმატების და არც ამბოხის რესურსი არ გააჩნია, მათი ერთადერთი მიზანი მუდმივი დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენაა. რაც შეეხება ახალ ძალებს, მათ შორის ვიქტორ ყიფიანის პარტიას, ზარდიაშვილი მათში არსებით განსხვავებას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ისინიც უბრალოდ საკუთარი „ნიშის“ პოვნასა ცდილობენ.

„რეზონანსი”: ნიკა გვარამიამ ღიად გააკრიტიკა თავად  ოპოზიციურ ალიანსის წევრები. ნაციონალური მოძრაობა  შეკრებებს არ ესწრება, როგორ ხედავთ გაერთიანების მომავალს?

დავით ზარდიაშვილი: ახალი არაფერი არ ხდება, ეგ დაპირისპირება იმთავითვე იყო ნათელი, როცა „ნაციონალური მოძრაობა” დაიშალა. რასაკვირველია, არჩევნების წინ არის შიდა კონკურენცია და ცდილობენ, რომ მეტი გავლენა მოიპოვონ ამ ოპოზიციურ ამომრჩეველში. აქედან გამომდინარე უპირისპირდებიან ერთმანეთს.  

მათ საკუთარი რესურსი არაფერი არ აქვთ, არც პოლიტიკური კაპიტალი, არც მატერიალური შესაძლებლობები იმდენად და რასაკვირველია ერთმანეთის კონკურენტები არიან. პრინციპში ეგ არის მთელი ფილოსოფია. მათი გაერთიანებისაც, დაშლისაც და ასე ვთქვათ საქმიანობისაც ბრჭყალებში, რადგან  ეგ ტიპიურად კლიენტელური გაერთიანებაა. სოციოლოგიურად მას კლიენტელა ჰქვია, ანუ პატრონის გარშემო სარგებლის მოლოდინში შემოკრებილი პუბლიკა.  

„რ”: ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ დაპირისპირებას ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა და გუშინ  ოპოზიცია გააკრიტიკა. ამით აშკარად ლიდერობის საკუთარ თავზე  აღება სურს. აქვს თუ არა ამის რესურსი?

დ.ზ:. არცერთი არ არის მაგათი ლიდერი. აბა ნახეთ ერთი თითოეულ მათგანს რა რეიტინგი აქვს, რამხელა მხარდაჭერა აქვს. გაზომეთ ეს თუ გინდათ მიღებული ხმების რაოდენობით და თუ გინდთ  სხვა სოციოლოგიური კვლევებით. რასაკვირველია ჰყავთ შიდა მოხმარების აუდიტორია,  რაღაც გარკვეული პუბლიკა, სადაც მათი ნარატივები ჭრის. მათი მხარდაჭერების რაოდენობა სადღაც 15-20%-მდე იქნება.  

თუმცა ლიდერი ძალიან ხმამაღალი სიტყვაა.  ვის მიერ არის აღიარებული ლიდერად სალომე ზურაბიშვილი? რასაკვირველია, დანიშნული ლიდერია. დასავლეთიდან იმასაც კი ამბობენ, რომ არის პრეზიდენტი, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია.

მათი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე არის ნულის ტოლი. ესენი ხელისუფლებაში ვერასდროს  მოვლენ, მაგრამ საქართველოში  გარკვეულ დაძაბულობას ინარჩუნებენ. მათი მიზანი არის ან მთავრობაზე ზეწოლა, რომ როგორმე მოდრიკონ , ან არა და სიტუაციის არევა, მუდმივი დესტაბილიზაცია საქართველოში.

„რ”:  როგორ უყურებთ ოპოზიციაში არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გარშემო დაპირისპირებას?

დ.ზ:  რასაკვირველია, ეს არის ხმაურისთვის ატეხილი ვითომ დისკუსია. სინამდვილეში მათ არც არჩევნებით აქვთ რაიმე წარმატების შანსი და მითუმეტეს არც არავითარი რესურსი არ გააჩნიათ, რომ რაღაც რევოლუცია მოაწყონ. ეს გამოჩნდა. ეს ხდება მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ არ აქვთ მხარდაჭერა მოსახლეობაში. ძალიან  მცირეა მათი მხარდამჭერების რაოდენობა. მათი სოციალური წონაც არის ძალიან უმნიშვნელო. არავითარი რეალური სარგებლის მოტანა არავისთვის არ შეუძლიათ, გარდა საკუთარი.

„რ”:  ახალ პარტიებს როგორ უყურებთ? რა პერსპექტივა აქვთ ვიქტორ ყიფიანის  ან სხვების პარტიებს?

დ.ზ: არავითარი განსხვავება აქ არ არის.  (ყიფიანიც) ცდილობს, რომ ამ  პუბლიკაში თავისი ადგილი, ნიშა მონახოს, ვინმე პატრონი იშოვოს და მიებას იმას ჯაჭვით.  დიდ განსხვავებას მე ყიფიანის პარტიასა და „ნაცებს” შორის ვერ ვხედავ. თან მისი განვლილი გზაც არ იძლევა ამის იმედს. ეს პარტია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×