რეზონანსი
16.07.2026

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, 8 პოლიტიკოსის საქმეზე დაწყებული სასამართლო პროცესები იმ პარტიების პოლიტიკური ველიდან გაყვანა, გაუქმება და იმ პოლიტიკოსების დაკავება და მათი კრიმინალიზაციაა, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის უზარმაზარი მხარდაჭერა მიიღეს. 

8 პოლიტიკოსის საქმეზე ბრალდებული აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ძირითადი მიზანია კონკურენტები მოიშოროს და პოლიტიკური ველი გაასუფთაოს, რაც მისი აზრით, მცდარი და "ქართული ოცნების" დასასრულისკენ გადაგმული ნაბიჯია. 

ბადრი ჯაფარიძის თქმით, "მსოფლიოში არავის არ შერჩენია ასეთი გზით მოპოვებული ხელისუფლება" და მეტიც - "ძალიან დიდი საფასური გადაიხადეს შემდგომ ამისთვის". 

ცხადია, რომ ის, რაც თქვა ქალბატონმა კაკაბაძემ, ეს არის ის, რაც წამოწყებული იქნა "ქართული ოცნების" მიერ, რომ ძირითადი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობიდან, რომლებმაც მიიღეს უზარმაზარი მხარდაჭერა 2024 წელს, ეს პარტიები გაიყვანონ პოლიტიკური ველიდან, გააუქმონ, პოლიტიკოსები დააკავონ, მოხდეს პოლიტიკოსების კრიმინალიზაცია, მოხდეს პოლიტიკური პარტიების კრიმინალიზაცია - ეს იყო იმ "ინიციატივის" უკან, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2025 წლის ნოემბერში, როდესაც დაიწყო ეს წარმოუდგენელი, სრულიად აბსურდული, უსაფუძვლო და უპრეცედენტო დევნა და სასამართლო პროცესი. 

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" მიზანია, რომ მისი ძირითადი კონკურენტები მოიშოროს და გაისუფთაოს პოლიტიკური ველი, ეს არის ძალიან მცდარი და ჩემი აზრით, მათივე, "ქართული ოცნების" დასასრულისკენ გადადგმული ნაბიჯი იმიტომ, რომ ასეთი გზით მოპოვებული ხელისუფლება მსოფლიოში არავის არ შერჩენია, როდესაც შენ ანადგურებ პოლიტიკურ ოპონენტებს და ამით ინარჩუნებ ხელისუფლებას, ასეთი ხელისუფლება არავის არ შერჩენია და ძალიან დიდ ფასს იხდის ყველა საბოლოო ჯამში. 

ცხადია, შეიძლება გამოიყენო პროკურატურა, სასამართლო იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალიზაცია მოახდინო, ციხეებში გამოამწყვდიო, გაანადგურო პოლიტიკური პარტიები, შეიძლება ეს გამოიყენო, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არასდროს ისტორიაში ასეთი ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნება ვერავინ მოახერხა და ვერც ახლა მოახერხებს "ქართული ოცნება". [...]

ჯერ მე თავს შევიკავებდი ყველანაირი პროგნოზისგან იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რომ აქ არ გვაქვს ისეთი პროცესი, სადაც რაიმე ლოგიკა მოქმედებდეს, ამიტომ, უნდა დაველოდოთ პროცესები როგორ წარიმართება. მთავარი ის არის, რაც მე ვთქვი, რომ ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნება არავის არ გამოსვლია, ოპონენტების განადგურებით, მათი ციხეებში გამომწყვდევით, პარტიების გაუქმებით ვერავინ ვერ მოახერხებს შენარჩუნებას და უფრო მეტიც, ძალიან დიდი საფასური გადაიხადეს შემდგომ ამისთვის, ამიტომ, ეს რასაც ახლა "ქართული ოცნება" ცდილობს, ეს მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ უცდიათ სხვებს და ყოველთვის დასრულდა კრახით, ამიტომ ეს მცდელობა არის სრულიად ფუჭი. ქართველი ხალხის ნებას ვერავინ ვერ აღუდგება წინ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა 14 ივლისს სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის, რაზეც ნანა კაკაბაძე საუბრობდა კომენტარს არ იმსახურებს.

ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობის აქტის მიღება შეძლო, ამას რუსეთის მიერ მართული ძალები დაუპირისპირდნენ და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა უნდა ინანიებდეს, მაგრამ "ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, ისინი აგრძელებენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას". 

ვფიქრობ, რომ ის, რასაც ქალბატონი კაკაბაძე საუბრობდა საერთოდ კომენტარს არ იმსახურებს იმიტომ, რომ ცხადია, მაშინაც 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მრგვალმა მაგიდამ, დამოუკიდებელმა საქართველომ შეძლო ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება, ზვიად გამსახურდიამ შეძლო, რომ მისი ლიდერობით მომხდარიყო ქვეყნის გათავისუფლება და ამას დაუპირისპირდნენ, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ მართული ძალები და მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, მათ უნდა მოინანიონ ის საქციელი და ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, ისინი აგრძელებენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის საქმეზე სხდომა გაიმართება. პროცესი კვლავ მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. 

დღევანდელ სხდომას, სავარაუდოდ, 8 ბრალდებულიდან, მხოლოდ ბადრი ჯაფარიძე დაესწრება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×