
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სამთავრობო კაბინეტის მასშტაბურმა გადახალისებამ და ტექნოლოგიური რეფორმების ლიდერად მიჩნეული თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ კიევის ქუჩებში საპროტესტო აქციები და სამხედრო ელიტაში ღია დაპირისპირება გამოიწვია. საკადრო ცვლილებები, რომლებიც ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნასაც მოიცავს, ომის მეხუთე წელს ზელენსკის პოლიტიკური ავტორიტეტის სერიოზულ გამოცდად იქცევა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამთავრობო კაბინეტი “გადაახალისა” რამაც ხუთშაბათს ასობით უკრაინელი ქუჩაში გამოიყვანა. დემონსტრანტები ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრის გადაყენებას აპროტესტებენ, რომელიც ქვეყანაში სამხედრო დრონების ტექნოლოგიის ნოვატორად მიიჩნეოდა, თუმცა ტრადიციულ სამხედრო ელიტასთან კონფლიქტი ჰქონდა.
საკადრო ცვლილებები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის შეცვლასაც მოიცავს, შესაძლოა ზელენსკის პოლიტიკური ავტორიტეტის სერიოზულ გამოცდად იქცეს - მით უმეტეს ახლა, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. საომარი მდგომარეობის გამო, რაც არჩევნების ჩატარებას კრძალავს, ზელენსკი პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებს, თუმცა პერიოდულად მთავრობის რეორგანიზაციას მიმართავს.
ამ ნაბიჯებმა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა არასასურველ კრიზისში ჩააგდო სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებს პირველ ხელშესახები შედეგები მოაქვს, ეს ყველაფერი კი მოსკოვის მხრიდან დაუნდობელი საჰაერო თავდასხმების ფონზე ხდება. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, წუხელ დედაქალაქ კიევზე რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა.
სირსკი ფეოდოროვის წინააღმდეგ
ზელენსკიმ მიზეზად თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ ოლექსანდრ სირსკის შორის არსებული უთანხმოება დაასახელა.
“მე უბრალოდ ვაჩვენებ, რომ თუ მხარეებს პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება არ შეუძლიათ, მისი გადაჭრა მე მომიწევს“,- განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
35 წლის ფედოროვი ენერგიულ მოდერნიზატორად მიიჩნევა. მის ტექნოლოგიურ გამოცდილებას ნაწილობრივ მიაწერენ ბოლო თვეებში უკრაინის სამხედრო ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას რუსეთის გაცილებით დიდ არმიასთან ბრძოლაში. იგი მთავრობას ამ პოსტზე ყოფნის სულ რაღაც ექვსი თვის თავზე ტოვებს.
პრესკონფერენციაზე ფედოროვი მუქი ფერის მაისურითა და ჯინსით გამოჩნდა და სირსკი იმ რეფორმების ბლოკირებაში დაადანაშაულა, რომლებიც აუცილებელია, რადგან ახალი ტექნოლოგიების - მაგალითად, დრონების - გამო „ომი სრულიად შეიცვალა“.
- მიხაილო ფედოროვი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: „ამ მოცემულობით (როდესაც მთავარსარდალი სირსკია), პირადად მე არ ვიცი, როგორ უნდა მოვიგოთ ეს ომი“.
თანამდებობაზე ყოფნისას მან რუსული ძალებისთვის თანამგზავრული კავშირგაბმულობის სისტემა „სტარლინკ“-ის წვდომის შეზღუდვას მიაღწია. ამან უკრაინას საშუალება მისცა, უკეთ გამოეყენებინა საშუალო რადიუსის დარტყმითი შესაძლებლობები, რამაც კიევს ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა.
ფედოროვმა აღნიშნა, რომ იგი მზად იყო სირსკისთან თანამშრომლობისთვის, „თუმცა შევეჯახეთ სიტუაციას, როდესაც ჩვენ მიერ შეთავაზებული ყველა ინიციატივის ბლოკირება დაიწყო“.-თქვა მან.
„ამ მოცემულობით (როდესაც მთავარსარდალი სირსკია), პირადად მე არ ვიცი, როგორ უნდა მოვიგოთ ეს ომი“, - განაცხადა მან.
ფეოდოროვის მიღწევები
სოციალურ ქსელში ფედოროვმა თავის მთავარ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის დაასახელა ხელფასებისთვის განკუთვნილი სახსრების გადამისამართება საშუალო რადიუსის დარტყმითი სისტემების, ბოჭკოვან-ოპტიკური დრონების, სადაზვერვო სისტემებისა და სხვა ტექნოლოგიების დასაფინანსებლად. მან ასევე ხაზი გაუსვა დრონების შესყიდვების გაფართოებას, „პატრიოტ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების კონტრაქტებს, ბალისტიკური რაკეტების წარმატებულ გამოცდებსა და სამხედრო შესყიდვების სისტემის ძირეულ რეფორმირებას.
თუმცა მან აღიარა, რომ ვერ შეძლო თავდაცვის სამინისტროს ორგანიზაციული ტრანსფორმაციის დასრულება „ნატოს სტანდარტებისა და საღი აზრის შესაბამისად“, ისევე როგორც ყველა შესყიდვის კონკურენტულ ტენდერებზე გადატანა და ანგარიშვალდებულების კულტურის დამკვიდრება.
სირსკი საჯაროდ არ გამოჩენილა, თუმცა ფეისბუქ-პოსტში ფედოროვს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ იგი კვლავ გააგრძელებდა უკრაინის სამსახურს. „ვუსურვებ მას, კვლავაც უკრაინული გუნდის წევრად დარჩეს“, - განაცხადა სირსკიმ დეტალების დაზუსტების გარეშე.
ფედოროვის მხარდამჭერთა შორის ძირითადად ახალგაზრდები არიან
რაც შეეხება 60 წლის სირსკის, სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი კიევის თავდაცვას 2022 წლის თებერვალში, ხოლო შვიდი თვის შემდეგ ხარკოვის ოლქში წარმატებული კონტრშეტევა დაგეგმა. 1965 წელს დაბადებულმა გენერალმა მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო სასწავლებელი დაამთავრა და 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე საბჭოთა არტილერიის კორპუსში მსახურობდა.
დასავლელი ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ფედოროვის ხელმძღვანელობით შეძლო უკრაინულმა არმიამ მობილიზება, რამაც ფრონტის ხაზზე მოსკოვის წინსვლა პრაქტიკულად შეაჩერა. ამასთანავე, უკრაინამ დარტყმები მიაყენა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რამაც იქ საწვავის მასშტაბური დეფიციტი გამოიწვია. ამგვარი შედეგების მიუხედავად, ზელენსკის გადაწყვეტილებამ მისი გადაყენების შესახებ საზოგადოების დიდ ნაწილს იმედგაცრუება მოუტანა.
იანვარში თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებამდე, ფედოროვი უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკას ხელმძღვანელობდა. მან პოპულარობა მოიპოვა დრონების ტექნოლოგიის სწრაფი განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობით, ასევე რამდენიმე წარმატებული ელექტრონული მმართველობის პლატფორმის შექმნით.
მინისტრის პოსტზე ყოფნისას მან აქტიური ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას - საკითხს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, რომლებიც სისტემატურად აპროტესტებდნენ მექრთამეობას. თავად ფედოროვი ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავდა იმ ჯგუფების ინტერესების წინააღმდეგ წასვლას, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ სამინისტროს შიდა პროგრამებით.
ის ასევე ცდილობდა შეიარაღების შესყიდვების სისტემის რეფორმირებას, რათა პროცესი გაცილებით გამჭვირვალე გამხდარიყო.
უკრაინაში ატეხილი ეს ხმაური რუსმა სამხედრო კორესპონდენტებმა და კრემლის მომხრე ბლოგერებმა სიამოვნებით აიტაცეს. კრემლისტურმა პოლიტოლოგმა, სერგეი მარკოვმა ფედოროვის განცხადებებს ზელენსკის წინააღმდეგ მიმართული „ამბოხი“ უწოდა.
- უკრაინაში ატეხილი ეს ხმაური რუსმა სამხედრო კორესპონდენტებმა და კრემლის მომხრე ბლოგერებმა სიამოვნებით აიტაცეს.
ფედოროვის გადაყენების გამო თანამდებობა დატოვა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა პავლო იელიზაროვმა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საჯარო განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეასუსტებს და რუსული სარაკეტო თუ დრონებით თავდასხმებისგან უფრო მეტი ადამიანის მსხვერპლს გამოიწვევს.
„მიმაჩნია, რომ მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის უდიდესი ბოროტებაა“, - დაწერა მან Facebook-ზე.
კონფლიქტის კერა
ანდრეი იერმაკის გადადგომის შემდეგ, ფედოროვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. თუმცა, ზელენსკი ყოყმანობდა მისთვის ოფისის ხელმძღვანელობის მინდობაზე, რადგან მინისტრის რეფორმის იდეები ზედმეტად რადიკალური იყო. სახელმწიფო გამოძიების ბიუროს გადატვირთვა, გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის კონკურსი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველა მოადგილის შეცვლა - ეს მხოლოდ რამდენიმე რევოლუციური ღონისძიებაა.
სამაგიეროდ, ფედოროვი თავდაცვის სამინისტროში გაგზავნეს, რადგან მხოლოდ მას „ჰქონდა ომის ხედვა“. პრეზიდენტი თვლიდა, რომ მიხაილი იძულებული იქნებოდა თავდაცვის სამინისტროში მეტი თავშეკავებითა და სიფრთხილით მოქცეულიყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ფედოროვს ეს არც კი უფიქრია.
მასშტაბური საკადრო წმენდები, შესყიდვებისთვის ღია ტენდერებზე გადასვლა, თავდაცვის კონტრაქტების მკაცრი აუდიტი, გენერალური შტაბის ყველა მოთხოვნის ავტომატურად დამტკიცების სურვილის არქონა, სამხედრო დაგეგმვის ტრადიციული ხელით კონტროლის ნაცვლად ავტომატიზირებულ ალგორითმებსა და მათემატიკურ მოდელებზე გადასვლის მცდელობა - ამ ყველაფერმა თავდაცვის სამინისტრო სწრაფად აქცია სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში კონფლიქტის მთავარ კერად.

ზაფხულის დასაწყისისთვის კონფლიქტი თითქმის ღია ეტაპზე იყო და შტაბის შეხვედრები სამინისტროს წარმომადგენლებსა და სამხედროებს შორის მუდმივ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ერთ მხარეს იყო ფედოროვის გუნდი, რომელიც ტექნოლოგიური არმიის შექმნას ცდილობდა, ხოლო მეორე მხარეს - გენერალური შტაბი და მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკის გუნდი, რომელიც სისტემატურად აშენებდა მცირე, „მილის“ საბჭოთა არმიას.
ამ ორ მოდელს შორის შეჯახება პრაქტიკულად გარდაუვალი იყო. და ეს რამდენიმე თვეში მოხდა. ზაფხულის დასაწყისისთვის კონფლიქტი თითქმის ღია ეტაპზე იყო და შტაბის შეხვედრები სამინისტროს წარმომადგენლებსა და სამხედროებს შორის მუდმივ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
და გარკვეულ მომენტში პრეზიდენტი გენერლების ულტიმატუმის წინაშე აღმოჩნდა: ან ისინი, ან მიხაილ ფედოროვის გუნდი.
მინისტრთა კაბინეტი, იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობით, 14 ივლისს ამ კონფლიქტების მსხვერპლი გახდა. მთელი მთავრობის გადადგომა შესანიშნავი შესაძლებლობა გახდა ამბოხებულ ფედოროვთან „საკითხის გადასაჭრელად“.
სინამდვილეში, 14 ივლისს კაბინეტის გადადგომის შემდეგ, მთავარი ინტრიგა არა მომავალი პრემიერ-მინისტრის ან მინისტრების სახელი იყო, არამედ ის, წარადგენდა თუ არა პრეზიდენტი ფედოროვს ახალ მთავრობაში.
„ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა პასუხი მხოლოდ 15 ივლისის საღამოს მიიღეს. ზელენსკიმ ფრაქციის სხდომას დაესწრო და განაცხადა, რომ ფედოროვი ახალ კაბინეტში არ იქნებოდა.- წერენ საერთაასორისო გამოცემები
ახალი პრემიერ-მინისტრია
უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჰი კორეცკი, რომელიც მანამდე სახელმწიფო ენერგეტიკულ გიგანტს -„ნაფტოგაზს“ ედგა სათავეში.
კორეცკის წარდგენისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ აქცენტი მის ენერგეტიკულ სექტორში არსებულ წარმატებულ გამოცდილებაზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ კორეცკი ყველაზე ოპტიმალური კანდიდატურაა ქვეყნისთვის მორიგი რთული ზამთრის გადასატანად, როდესაც უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსული დარტყმების ინტენსივობა პიკს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ადრეც მოუწია უკან დახევა: გასული წლის ივლისში მან სწრაფად შეცვალა კურსი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდა ახალი კანონპროექტის გამო, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავდა. ამ საზოგადოებრივმა მღელვარებამ, რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ, პირველად დააყენა ეჭვქვეშ მისი მმართველობის სტაბილურობა.