
ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში მკვეთრად გაააქტიურა დიპლომატიური კავშირები ცენტრალურ აზიასთან, რაც რეგიონის ლიდერებთან გაფორმებული ახალი სტრატეგიული შეთანხმებებით დასტურდება. ეს საგარეო აქტივობა პირდაპირ უკავშირდება „შუა დერეფნის“ განვითარებას - სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს, რითაც საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ლოგისტიკური ჰაბის როლს საერთაშორისო ასპარეზზე წესით კიდევ უფრო მეტად უნდა აძლიერებდეს.
გუშინ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტთან, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების ნათელი დასტურია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია სატრანზიტო მიმართულებით კავშირების გაღრმავებით, მათ შორის, შავი ზღვის პორტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო შესაძლებლობების გამოყენებით“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ, ქვეყნებისტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან.
„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია. ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდია“, - განაცხადა პრემიერმა.
ორიოდე დღის წინ, თბილისი-შანხაის პირდაპირი ფრენების დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება შედგა. პირველი რეისი ჩინურმა ავიაკომპანია China Eastern Airlines-მა შეასრულა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძწმ ისტორიული ფრენის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”.
„მოხარული ვართ და ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დაახლოებით ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რასაც უკვე ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ჰქონდა ჩვენი ქვეყნებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული მის განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე. ყველა სფეროში ჩინეთი არის უაღრესად წარმატებული, რაც ჩინეთის ხელისუფლების, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ბრძნული პოლიტიკის შედეგია.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიდევ მეტად განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა. მოხარული ვართ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური პარტნიორობა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობას. პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ვიზიტები შუა აზიაში
მანამდე, 2 ივლისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევსა და ირაკლი კობახიძეს შორის გაიმართა შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
„ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას",- აღნიშნა პრემიერმა.
შავკატ მირზიოევმა საქართველოს უზბეკეთისთვის "მნიშვნელოვანი პარტნიორი" და "სამხრეთ კავკასიაში სანდო დასაყრდენი" უწოდა:
- ირაკლი კობახიძე: „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
დღეს საქართველო დამსახურებულად მიეკუთვნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს. რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა თქვენი ხელმძღვანელობით. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია,"- განაცხადა შავკატ მირზოევმა.
19 ივნისს, ირაკლი კობახიძის ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის საკმაოდ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი - შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“.
ვიზიტის ფარგლებში სულ 11 ორმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლებიც ეხება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, ტრანზიტს, სოფლის მეურნეობასა და ინვესტიციების ხელშეწყობას.
გამოიცა ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივი კომუნიკე, სადაც ხაზი გაესვა „შუა დერეფნის“ როლს და ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას.
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით 29-30 ივნისს, ყაზახეთსაც ეწვია, სადაც შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს და პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს. ამ ისტორიული ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას.
გარდა ამისა, 11-12 ივნისს, ირაკლი კობახიძის პირველი და ისტორიული ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში (ბიშკეკში) შედგა.
- ლევან მაჭავარიანი : ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი და შესაბამისად, მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ, ჩვენთან დასხდნენ და საუბარი დაიწყონ.
ოფიციალური დახვედრის ცერემონია, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა სხვადასხვა ორმხრივ შეთანხმებასა და მემორანდუმს განათლების, ვეტერინარიის, ქონების მართვისა და ვაჭრობის სფეროებში. ასევე, დაიწყო საუბარი ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე.
საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი.
„ძალიან სამარცხვინოა, რომ გრძელდება ე.წ. სახლობანას თამაში - „ხელისუფლებას არ ვესაუბრებით, ხალხს ვესაუბრებით“. ვის ესაუბრებიან?! ესაუბრებიან იმ NGO ორგანიზაციებს და აგენტურულ ოპოზიციას, რომლებსაც თავად აფინანსებენ. გააგრძელონ მათთან საუბარი. მათთან საუბრით რა მოიგეს?! ვერც რევოლუციით ჩაანაცვლეს „ქართული ოცნება“, ვერც არჩევნებით მოუგეს „ქართულ ოცნებას“.ხალხი ჩვენს გვერდზე დგას და აქედან გამომდინარე, გამანადგურებელი ანგარიშით დაუსრულდათ წინა არჩევნები. მომდევნო არჩევნებზეც იგივე შედეგს მიიღებენ. სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?!
ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რიგითი დეპუტატით დამთავრებული, ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ ბრიუსელში ჩავიდეთ, მიუხედავად ამ უსამართლო 4-5 წლისა, გადავფურცლოთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ ახალი ნიშნულიდან ურთიერთობა. ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული სამართლიანობის პრინციპებზე და რა თქმა უნდა, მსჯელობა უნდა იყოს ყოველთვის არგუმენტირებული.
ჩვენ ამ ყველაფრით ვცილობთ, სახე შევანარჩუნებინოთ ბრიუსელს, ვინაიდან მათ ძალიან ღრმად აქვთ შეტოპილი და არ იციან უკან როგორ გამოვიდნენ. ამდენი წლის განმავლობაში იყო ამდენი სიცრუე, წნეხი, შანტაჟი, ახლა რომ დასხდნენ და დაიწყონ ჩვენთან საუბარი, ვიღაცები მოკითხავენ, რატომ ჰქონდათ მკვეთრად განსხვავებული მიდგომა საქართველოს მიმართ და დღეს რატომ დასხედით და საუბარი რატომ დაიწყეთო.
დრო არ ითმენს, შუა კორიდორის მნიშვნელობა არის გაასმაგებული, ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი და შესაბამისად, მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ, ჩვენთან დასხდნენ და საუბარი დაიწყონ. ან ესენი მოეგებიან გონს, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ სამართლიან საფუძვლებზე დამყარებულ მოლაპარაკებებს, ან უნდა დაველოდოთ, როდის მოხდება ცვლილებები ევროკავშირში,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.