
საქართველომ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გამოსცადა ის, რაზეც დღეს შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენი ამერიკელი კოლეგები საუბრობენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში „პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის" მინისტერიალზე დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან პოზიტიური ამბავია, როდესაც აშშ-სთან ურთიერთობის შესაძლო ნორმალიზების ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას.
„ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობის შესაძლო ნორმალიზაციაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას.
ზოგიერთი ტელევიზია ამას საერთოდ არ ამჩნევს, მაგრამ ამას განსაკუთრებით ხარისხში ნუ ავიტანთ. ჩვეულებრივი და ძალიან პოზიტიური ამბავია. ხაზს ვუსვამ სიტყვებს - შესაძლო ნორმალიზების გზაზე.
ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან. საქართველოს აქვს ძალიან მწარე და მწვავე გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რასაც დღეს „პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის" მინისტერიალზე ამბობენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის თანამშრომლები, წარმომადგენლები და ხელმძღვანელები, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისა.
საქართველომ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გამოსცადა ის, რაზეც დღეს შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენი ამერიკელი კოლეგები საუბრობენ. ეს მწარე და ცუდი გამოცდილება ჩვენ გვეხმარება სწორი ანალიზის გაკეთებაში და რაც მთავარია ქართველ ხალხს ეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ". ღონისძიება ვაშინგტონში იმართება და მასში 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ბოჭორიშვილის თქმით, პოლიტიკური ტერორიზმის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება მნიშვნელოვანი ინიციატივაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან.
„პოლიტიკური ტერორიზმის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება მნიშვნელოვანი ინიციატივაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან. კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო ვაშინგტონში, ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა იყო, მონაწილეობა მიგვეღო და გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდის განმავლობაში დადგა," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება, უცხოური დაფინანსებით, რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ.
„ჩვენ კარგი მაგალითი ვართ იმისა, თუ როგორ ხდება, განსაკუთრებით გარე დაფინანსებით, რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. სწორედ ეს საკითხები არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა აღელვებდეს საერთაშორისო საზოგადოებას," - აღნიშნა მინისტრმა.
რა პროცესები მიდის აშშ-საქართველოს ურთიერთობაში?
ანალიტიკოსი გია აბაშიშე ბოჭორიშვილის ვიზიტს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის აღდგენის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია.
„მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა მინისტერიალში არის აშკარა დასტური იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი (რომელსაც ასევე ვიცე-პრემიერის რანგი აქვს) იყო ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ამ შეხვედრებში. ეს არ ყოფილა უბრალოდ დერეფნებში ფოტოების გადაღება და ამით იმის ჩვენება, თითქოს ურთიერთობა აღდგა.
ამერიკასა და საქართველოს მაღალჩინოსნებს შორის ურთიერთობის აღდგენის პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებით, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგების ვიზიტებით საქართველოში, მათ შორის არა მხოლოდ თბილისში, არამედ შავი ზღვის სანაპიროზეც.
თავად სენატორმა რუბიომ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის დაუნდობელი ბრძოლა „ულტრამემარცხენე რადიკალებთან" და ექსტრემიზმთან. მას აქვს პოლიტიკური ელფერი, თუმცა ფარისევლურია და სინამდვილეში წარმოადგენს ტოტალურ კრიმინალს.
ამ ბრძოლაში რუბიო მოიაზრებს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც მან ვაშინგტონის მინისტერიალზე მიიწვია. მაშინ როდესაც ევროპის ბიუროკრატია თითქოს არ აღიარებს საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას და სასაცილოდ იქცევა (ცდილობს „შუა დერეფნიდან" გამორიცხოს საქართველოს სახელმწიფო), თავადვე აწყდება ამ ნონსენსს.
ქართულ მხარეს კი უპრობლემოდ აქვს შეხვედრები აშშ-ის ტოპ-ჩინოსნებთან. ევროპას ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს რეალური, პრაგმატული პოლიტიკის გატარება საქართველოსთან, რაც თავად ევროპის ინტერესებშია.
თბილისი არავის ებუტება (ბოლო დროს თავად გაბუტულმა კიევმაც კი დაიწყო ურთიერთობის აღდგენა თბილისთან). ქართულ ხელისუფლებაში გრძელდება „ფრთხილი ოპტიმიზმისა" და მოთმინების რეჟიმი, რომ ადრე თუ გვიან ამერიკასა და საქართველოს შორის ნამდვილი, რეალური სტრატეგიული პარტნიორობა იქნება.
საქართველო ხელგაშლილია პარტნიორობისთვის ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც აღიარებს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ ბოჭორიშვილის ვიზიტი პირდაპირ ურთიერთობის დალაგებას არ უკავშირდება.
„არ ვფიქრობ, რომ ახალი ეტაპი იწყება. უბრალოდ, სიტუაცია როგორ არის: ჯერ ერთი, იქ დაახლოებით 60 თუ 65 ქვეყანაა მიწვეული და მეორეც, ბუნებრივიც არის ეს, როდესაც ტერორიზმზე არის ლაპარაკი და როდესაც საქართველოს სამწუხაროდ, ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს მოწინააღმდეგესთან - ირანთან აქვს ნორმალური ურთიერთობა.
ანუ, ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რატომ არის საქართველო მიწვეული და რატომ უნდა იყოს იქ. რაც შეეხება იმას, რომ ახალი ეპოქა იწყება, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.
ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე „ქართული ოცნება" აკეთებს იმას, რომ არ ცვლის პოლიტიკას და ცდილობს, რომ რაღაცნაირად ეს არსებული პოლიტიკა გააძლიეროს. თუმცა თვითონ დამოკიდებულება იცვლება, ნახეთ ტრამპსა და ზელენსკის შორის საუბრის ფრაგმენტი, სადაც ითქვა, რომ მოსკოვში ჩასვლაც კი სახიფათოა იმიტომ, რომ უკრაინული დრონები დაფრინავენ. ეს არის მნიშვნელოვანი.
თან, ტრამპის ლაპარაკშიც აშკარად ჩანს, რომ მისი მიდგომა შეიცვალა და დღეს მისი პოზიცია არის უფრო პროუკრაინული, ვიდრე რუსული (თავიდან, დასაწყისში თქვენც გახსოვთ ალბათ, რა ვითარებაც იყო). ამიტომ, ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია თავად ამერიკისთვის და რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, წინასწარ იცოდნენ, რა არის მოსალოდნელი საქართველოს სახელმწიფოდან და „ქართული ოცნებიდან". აი, ეს არის სულ ჯერჯერობით.
სხვა რაიმე სიმპტომი იმისა, რომ ამერიკა შეეცდება „ქართულ ოცნებასთან" ვითარების და სიტუაციის დალაგებას, არ ჩანს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ არ გამოჩნდება. ვნახოთ, როგორ შეიცვლება ვითარება საგარეო ფაქტორებთან დაკავშირებით და იგივე, მაგალითად, ირანთან მიმართებაში რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ვფიქრობ, ეს არის ის ძირითადი მომენტი, რის გამოც ამ კონფერენციაში ბოჭორიშვილის მონაწილეობა დადასტურდა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".