ნატალია ჯვარიძე
17.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოელი სტუდენტების, კულტურული გაცვლის პროგრამის მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის ვიზების ვადის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი საბოლოო წესით, ფიქსირებული ვადები დაწესდება F ტიპის ვიზებისთვის, რომლებითაც უცხოელი სტუდენტები სარგებლობენ, J ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებს აშშ-ში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს და I ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე გაიცემა.

ძალაში შესვლის თარიღი ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღეა, რაც კონგრესის მიერ განხილვას ექვემდებარება. „როიტერსი" წერს, რომ უახლესი გადაწყვეტილება საერთაშორისო სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებსა და უცხოელ ჟურნალისტებს ახალ დაბრკოლებებს შეუქმნის.

ახალი რეგულაციების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მოქმედების ვადა ოთხ წელზე მეტი აღარ იქნება. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ვიზა - რომელიც ამჟამად შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედებდეს - მაქსიმუმ 240 დღით გაიცემა, ხოლო ჩინეთის მოქალაქეებისთვის - 90 დღით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზის მფლობელებს ვადის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა შეეძლებათ. რეგულაციების თანახმად, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ეკრძალებათ სწავლის რომელიმე ეტაპზე „საგანმანათლებლო მიზნების" შეცვლა ან შესაბამისი ნებართვის გარეშე სხვა სასწავლებელში გადასვლა.

ამასთანავე, დიპლომის მიღების ან სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების დასატოვებლად სტუდენტებისთვის გამოყოფილი ვადა 60 დღიდან 30 დღემდე მცირდება.

ამასთან, ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის სავიზო რეგულაციებს დისკრიმინაციულს უწოდებს და საპასუხო ზომებით იმუქრება.

„ჩინეთი უარყოფს აშშ-ის გადაწყვეტილებებს, რომლებიც არავის ინტერესებს არ ემსახურება", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პეკინი იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს.

ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სავიზო შეზღუდვები არ არის მხოლოდ ტექნიკური ან ბიუროკრატიული ცვლილება. ეს არის აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე გლობალური სტრატეგიული მეტოქეობის ნაწილი. მათი შეფასებით, ვაშინგტონი სულ უფრო მეტად უფრთხის ინტელექტუალური საკუთრების ქურდობასა და ტექნოლოგიურ ჯაშუშობას.

ანალიტიკოსების აზრით, სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის ვადების მკაცრი კონტროლი მიზნად ისახავს ჩინეთის მთავრობის გავლენების შემცირებას ამერიკულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში.

ეკონომისტები და განათლების სფეროს ექსპერტები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ახალი რეგულაციების შესაძლო უარყოფითი შედეგების გამო. უცხოელი სტუდენტები (განსაკუთრებით ჩინეთიდან და ინდოეთიდან) ამერიკული უნივერსიტეტებისთვის შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა, რადგან ისინი ხშირად სწავლის სრულ საფასურს იხდიან. ბარიერების გაზრდამ შესაძლოა აიძულოს სტუდენტები, არჩევანი ისეთ ქვეყნებზე შეაჩერონ, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, კანადა ან ავსტრალია.

აშშ-ის ტექნოლოგიური სექტორი, მათ შორის სილიკონის ველი დიდწილად ეყრდნობა ნიჭიერ უცხოელ კურსდამთავრებულებს. სწავლის დასრულების შემდეგ ქვეყნის დასატოვებლად მიცემული ვადის 60-დან 30 დღემდე შემცირება ართულებს სტუდენტებისთვის სამუშაოს პოვნას და სამუშაო ვიზაზე (მაგალითად, H-1B) გადასვლას, რაც ამერიკულ კომპანიებს კვალიფიციურ კადრებს აკარგვინებს.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები აფრთხილებენ მხარეებს, რომ სავიზო ომი „ორმხრივად დამაზიანებელია" და შესაძლოა უკონტროლო ესკალაციაში გადაიზარდოს.

ექსპერტების აზრით, ჩინეთის საგარეო უწყების მუქარა რეალურია. ისინი პროგნოზირებენ, რომ პეკინმა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს აშშ-ის მოქალაქეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მკვლევრებისა და ჟურნალისტებისთვის ჩინეთში შესვლა და მუშაობა.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი მკაცრი ცვლილებები აზიანებს თავად აშშ-ის, როგორც ღია და დემოკრატიული საზოგადოების იმიჯს მსოფლიოში, რაც ჩინეთს აძლევს შესაძლებლობას, თავი წარმოაჩინოს გლობალიზაციისა და ღიაობის დამცველად (მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინეთში ინტერნეტისა და უცხოელების კონტროლი გაცილებით მკაცრია).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×