რეზონანსი
17.07.2026

უკრაინაზე მასირებული დარტყმების გამო ევროკავშირმა რუსეთზე დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანქციები ერთი ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესეს და ეს  კიევის წინააღმდეგ 1-2 და 5 ივლისს მომხდარ თავდასხმებს უკავშირდება 

„ევროკავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა ერთი ფიზიკური პირისა და ხუთი იურიდიული პირის მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესება. აღნიშნული სუბიექტები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია და ჩართულნი არიან დრონების წარმოებაში.

სანქცირებული ხუთივე კომპანია ABS Electro Group-ის შემადგენლობაში შედის. ისინი ავითარებენ და აწარმოებენ ელექტრონულ და რადიოელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია დრონების სამხედრო დანიშნულებით გამოყენებისთვის. კერძოდ, ეს კომპანიები ხელს უწყობენ ისეთი სისტემების განვითარებას, რომლებიც ზრდის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების - მათ შორის Shahed-ისა და Geran-ის ტიპის დრონების შესაძლებლობებს, კერძოდ, მათ მდგრადობას ელექტრონული ბრძოლის საშუალებების მიმართ.

გარდა ამისა, ამ ჯგუფში შემავალი რამდენიმე კომპანია რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის ავტომატიზებული მართვის სისტემებს აწარმოებს, ხოლო ენერგეტიკული სექტორი რუსეთის მთავრობის შემოსავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

დღევანდელი სანქციები მიღებულია იმ შემზღუდავი ზომების ფარგლებში, რომლებიც ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დამრღვევ ან მათთვის საფრთხის შემცველ ქმედებებს.

სანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებს აქტივები ეყინებათ, ხოლო მათთვის ან მათ სასარგებლოდ, პირდაპირ ან ირიბად, ფინანსური სახსრებისა თუ ეკონომიკური რესურსების მიწოდება აკრძალულია. გარდა ამისა, სანქცირებულ ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა [მოგზაურობა] ეკრძალებათ" -  ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×