
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, დონალდ ტრამპის წერილს ეხმაურება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე გამოგზავნა.
როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, გზავნილი ხაზს უსვამს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებისკენ სწრაფვას და ამ საფუძველზე კეთილდღეობის მიღწევას:
"ორი მნიშვნელოვანი რამ იყო აქ ხაზგასასმელი - პირველ რიგში, ფასეულობითი ღირებულებები, იყო ისეთი, რომელსაც სწორედ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ხაზს უსვამს. ეს ფასეულობითი თანხვედრა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, იყო გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებისკენ სწრაფვას და ამ საფუძველზე კეთილდღეობის მიღწევას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გამოთქმული სურვილი, რომ ის მოუთმენლად ელის, ამ მიმართულებით, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით უკეთეს მომავალს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობაშიც და უფრო ფართო მასშტაბითაც,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სახელზე დონალდ ტრამპის წერილი დღეს, 17 ივლისს მოვიდა.
"ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო და მშვიდობიანი მომავლისკენ" - აცხადებს ამერიკა.
თეთრი სახლის წერილი ორი ქვეყნის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანეს აქცენტებს შეიცავს და სერიოზული პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. "ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ჩვენი იდეალებისადმი პატივისცემას." - წერს დონალდ ტრამპი და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლია. ეს საპასუხო მადლობის წერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილზე, რომლითაც ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილე მიულოცა.