რეზონანსი
17.07.2026

გორში მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახი ახალ და მძიმე ბრალდებებს აყენებს. მათი განცხადებით, ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებით, ავარიის დროს ავტომობილს არა რევაზ ელიზბარაშვილი, არამედ მისი არასრულწლოვანი შვილი მართავდა.

ამ განცხადებით გორში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სრულიად ახალი ვერსია ჩნდება. დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ავარიის დროს საჭესთან ნასვამი რევაზ ელიზბარაშვილი არ იჯდა. ირმა ამბარდნიშვილის ინფორმაციით, შეჯახების მომენტში ავტომობილს ელიზბარაშვილის არასრულწლოვანი შვილი მართავდა.

ირმა ამბარდნიშვილი ამ ვერსიის დასადასტურებლად შემთხვევის შემდეგ გადაღებულ ვიდეომასალაზეც მიუთითებს. კადრებში ჩანს, რომ ელიზბარაშვილის ავტომობილთან მალევე კიდევ ერთი მანქანა ჩერდება. ოჯახის ინფორმაციით, იქიდან გადმოსული ქალი ელიზბარაშვილის მეუღლეა, რომელიც, მათი თქმით, ნასვამ ქმარს იმიტომ გაჰყვა, რომ მან საჭესთან არასრულწლოვანი შვილი დასვა.

ოჯახის წევრების განცხადებით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდა ქალი და მისი სამი წლის შვილი რამდენიმე მეტრის მოშორებით აღმოჩნდნენ. ირმა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ ავტომობილი ჯერ ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც დედა-შვილი სასიკვდილოდ დაშავდა.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×