რეზონანსი
17.07.2026

თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა და ქვეყნის შიგნით არ მოიძებნა საკმარისი რესურსი ცვლილებებისთვის და სიტუაციის გადასატეხად, არ არის გამორიცხული მოხდეს ტრამპის სტილში „ოცნების" მოლოდინების საპასუხოდ ურთიერთობის ნორმალიზება, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს” თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილს.

ვიქტორ ყიფიანის თქმით, აღნიშნული ფაქტის „არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება და გაბითურება”.

„მოდით ვიმსჯელოთ და მსჯელობისას გადავუხვიოთ როგორც „ოცნების“ მეინსტრიმს, ისე ოპოზიციის მეინსტრიმს. გადახვევა იმაში მდგომარეობს, რომ არც დრამატიზება გვარგია: „ვაიმე რა გვეშველება აწი“ და არც გაუბრალოება და გაბითურება ამა თუ იმ ფაქტის. მინისტერიალზე რამდენიმე ათეული ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩასული, გასაგებია, რომ წერილთან დაკავშირებით შეიძლება დაიშტამპა ანალოგიური შინაარსის წერილები მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერის მისამართით, ეს რაც შეეხება ნაცრის თავზე არ მოყრის საკითხს, მაგრამ ძალიანაც არ გავაუბრალოებდი. დავიწყოთ იმით, რომ დასავლური პოლიტიკა პოსტსაბჭოური სივრცის მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა თავისებურებით. ეს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ორი პრობლემა ჰქონდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს: პირველი ის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ აღიარებდნენ ამ ზონას რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების ზონად და მეორე, მათი პოლიტიკა ყოველთვის მაინც სანახევროდ იყო. ისინი საუბრობდნენ დემოკრატიზაციაზე, ადამიანის უფლებებზე, ინსტიტუციურ რეფორმებზე, მაგრამ ამ პოლიტიკას აკლდა მთავარი, გნებავთ დემოკრატიზაცია, ადამიანის უფლებები ან ნებისმიერი სხვა საკითხი განხორციელებადი სრულად იქნებოდა მხოლოდ მყარი დასავლური უსაფრთხოების გარანტიების ქვეშ. ამიტომაც ვახსენე ეს ორი წინაპირობა. ეს იყო სანახევროდ წარმოებული პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა, ასეთი კვალიფიკაცია შეიძლება მივცეთ.

მინდა დელიკატურად აღვნიშნო, ჩვენ კი ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რომ ჩატარებული არჩევნები მრავალ კითხვას იწვევს ლეგიტიმაციის კუთხით, მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში ტრამპის არათანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ მან დაინახა, რომ სტატუს-კვო ნარჩუნდება, არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობდით და დასავლური პოლიტიკის უფრო მეტად გაცხადებაზე, რომ მან იმდენად დემოკრატიული პარტნიორი კი არა, სტაბილური პარტნიორი არჩიოს. შეიძლება ეს ჩვენთვის კომფორტული არ იყოს. ეს შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ რა თქმა უნდა, ჯერ ფონი ქართული დემოკრატიის საკეთილდღეოდაა, მაგრამ არათანმიმდევრული, არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო, გარკვეულწილად [ურთიერთობის] სპირალური განვითარება მოხდეს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×