
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პატივს სცემს იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც, „თავისუფლების რისკის ფასად აგრძელებენ ბრძოლას“.
მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ბრძოლას ქვეყნის გარედან აგრძელებენ და ეს, ფავლენიშვილის შეფასებით, ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა.
როგორც ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციის აქტიურობა ამ ეტაპზე ნაკლებად აქტიურ ფაზაშია, თუმცა „წინააღმდეგობა გაგრძელდება“.
ამასთან, ფავლენიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის მმართველობის დეცენტრალიზაციის კონკრეტული გეგმა აქვს.
„ყველა ხედავს, რომ ივანიშვილი ცდილობს ჩააბეტონოს დიქტატურა, ამიტომ ყველა პოლიტიკური ლიდერი საფრთხის ქვეშაა. როდესაც მათთან კრიტიკულ შენიშვნებს ვაჟღერებთ, ვცდილობთ ეს გავითვალისწინოთ, რომ ამ ადამიანებს პატივისცემა ეკუთვნით იმის გამო, რომ ყველაზე ძვირფასს - საკუთარ თავისუფლებას საფრთხეში აგდებენ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. კომპრომისზე რომ არ მიდიან და წინააღმდეგობას აგრძელებენ, ამიტომ არიან ციხისთვის გამეტებულები.
ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ უცხოეთში გამოადგეს ამ ბრძოლას. ეს ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილებაა. შეიძლება ვიღაცამ დაიწყოს ტრაბახი - მე ასე ვიზამდიო, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. ამ ადამიანებს ისედაც აქვთ ჯანმრთელობა და სიცოცხლეც გაწირული. თვითონ აირჩევენ ბრძოლის გზას.
საბოლოო ჯამში, ჩვენი მოძრაობის მიზანი არის ამ სისტემის დემონტაჟი. ამ მოძრაობაში იქნება ფაზები. არის უფრო აქტიური ფაზები, არის ნაკლებად აქტიური ფაზა. ახლა რომ ნაკლებად აქტიური ფაზაა, ამას არავინ უარყოფს. მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გატეხეს. პოლიტიკოსები ვერ აიძულეს წინააღმდეგობაზე უარი ეთქვათ. გასაგებია რომ საქებრად არ გვაქვს საქმე და მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, მაგრამ წინააღმდეგობა გრძელდება.
ჩვენ პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა. ვაპირებთ მოვახდინოთ მმართველობის დეცენტრალიზაცია“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამასთან, ირაკლი ფავლენიშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტსაც გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებით რეაგირება საჭირო გახდება, ამის მორალური უფლება პირველ რიგში მურთაზ ზოდელავას ოჯახს აქვს.
ფავლენიშვილის თქმით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მიზანი ყოფილიყო, საზოგადოებისთვის გაეცნო ინფორმაცია მურთაზ ზოდელავას შესახებ და ეჩვენებინა, რომ იგი გამორჩეული საჯარო მოხელე იყო.
„მიხეილ სააკაშვილის სტატუსს თუ საჭირო გახდება, თვითონ მურთაზ ზოდელავას ოჯახი გამოეხმაურება. თუ ვინმეს აქვს მორალური უფლება სტატუსი დაეწერა თუ არ დაეწერა, ეს არის მურთაზ ზოდელავას ოჯახი. მიხეილ სააკაშვილის მიზანი შეიძლება ჰქონოდა, რომ ამ ფაქტის შესახებ საზოგადოებას გაეგო და გაეგოთ იმის შესახებ, რომ მურთაზ ზოდელავა იყო გამორჩეული საჯარო მოხელე.
მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. ადამიანს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვს“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.