რეზონანსი
19.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისთვის ემზადებიან ზღვისპირა ქალაქშიც. "რუსთავი 2"-ისა და მერიის ორგანიზებით, ქომაგებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყო ბათუმშიც. ევროპის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს კვების სივრცეები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფან ზონები, სცენა და რა თქმა უნდა, დიდი ეკრანი დახვდებათ, იმისთვის, რომ თვალი ადევნონ მუნდიალის ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრას.

საფეხბურთო კლუბ "პორტუსის" დამფუძნებლის, ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ჯაბა ჭანტურიას განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი განსაკუთრებული საფეხბურთო მოვლენაა, სადაც ერთმანეთს ძლიერი და განსხვავებული სათამაშო სტილის მქონე გუნდები დაუპირისპირდებიან. მისივე თქმით, ბათუმში მატჩის საჯარო ჩვენებისთვის სადღესასწაულო გარემოა შექმნილი და მოქალაქეებს ერას მოედანზე შეკრებისა და თავიანთი ფავორიტი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ნამდვილად საფეხბურთო ზეიმია და მინდა აღვნიშნო, რომ საზეიმო განწყობას ცოტა სევდაც ახლავს, გამომდინარე იქიდან, რომ 4 წლით გვემშვიდობება ეს დიდი საზეიმო, საფეხბურთო მოვლენა. რა თქმა უნდა, მყავს ჩემი ფავორიტი გუნდი, მართალია გამოეთიშა ბრაზილია, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში მე ესპანეთის ნაკრებს ვქომაგობ.

უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ძლიერი და საინტერესო მეტოქეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ლოგიკურიც იყო ამ გუნდების შეხვედრა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ტაქტიკური შეხვედრა იქნება.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ერთმანეთს უპირისპირდება გუნდები, რომლებსაც ორი განსხვავებული ძალიან დიდი სტატისტიკა აქვთ. მაგალითად, ესპანეთის ნაკრები არის გუნდი, რომელმაც ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა, ხოლო არგენტინა არის, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ამ კონტექსტში ძალიან განსაკუთრებული და საინტერესო შეხვედრა გველოდება.

მოვუწოდებ ყველა ბათუმელს, ჩვენს თანაქალაქელს, რომ გამოვიდნენ ერას მოედანზე, საოცარი გარემოა, უგულშემატკივრონ თავიანთ გუნდს. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო "რუსთავი 2-ის" ჩართულობა მთელი ამ ხნის განმავლობაში, საშუალება მოგვეცა და საშუალება მისცა ჩვენს თანაქალაქელებს და სრულიად საქართველოს, რათა პირდაპირ ეთერში ეყურებინა. ვფიქრობ, რომ გაამართლა იმ ე.წ. სისტემამ, რომელიც სისტემითაც ჩატარდა წელს მსოფლიო ჩემპიონატი და ვინატრებდი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო დახუნძლული იყოს ბევრი თამაშით და რა თქმა უნდა, დღეს, ჩემი ფავორიტი გუნდი - ესპანეთი აუცილებლად გაიმარჯვებს", - აცხადებს საფეხბურთო კლუბ "პორტუსის" დამფუძნებელი, ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×