
,,ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სოციალურ ქსელში აფასებს.
ჩაკვეტაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში უწყვეტი მშვიდობა დამკვიდრდა, განმტკიცდა სუვერენიტეტი და ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, ქვეყანას ისტორიული მაქსიმუმი დაეფიქსირებინა.
,,საქართველოს ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, ჩვენმა სამშობლომ არაერთი ქარტეხილი გამოიარა.
პირველი რესპუბლიკის გამოცხადებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, დაბრკოლებები არ შემცირებულა. იყო ომები, შიდა დაპირისპირებები და სახელმწიფოებრივი სტაგნაციის ეტაპები.
2012 წლის პირველ ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებული გამარჯვებით კი, საქართველოში უწყვეტი მშვიდობა დამკვიდრდა და რეალურად განმტკიცდა სუვერენიტეტი. ამ ფონზე, ბოლო წლებში გარე წნეხმა იმატა, თუმცა ეს მცდელობები ყოველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა.
სწორედ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს. ის უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანასა და ევროკავშირისა და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს.
იმავე ინდექსის პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაშიც, საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო.
პრაგმატული და გააზრებული მშვიდობის პოლიტიკის შედეგია საქართველოს უპრედენტო ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, საერთაშორისო ინდექსებში მისი დაწინაურება.
დღეს, კიდევ უფრო ნათელი ხდება ის, თუ რას გადაურჩა ჩვენი სამშობლო 2022 წლის შემდეგ და ისიც, რომ ეს რისკები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და არსად წასულა”, - წერს ჩაკვეტაძე.