რეზონანსი
21.07.2026

გერმანია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა მათთან ურთიერთობების ნორმალიზება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ელჩის მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის სიგელის გადაცემა და გერმანიის ახალი ელჩის საქართველოში ჩამოსვლა ორი ქვეყნის ურთიერთობებს განავითარებს.

„ნამდვილად პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა, გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და სრულუფლებიანად შეუდგეს თავის საქმიანობას. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობებში. გერმანია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა მათთან ურთიერთობების ნორმალიზება.

გერმანიასთან ურთიერთობები ბოლო პერიოდში დატვირთული იყო უფრო მეტად უარყოფითი დინამიკით სხვადასხვა მიზეზის გამო, რომლებზეც ახლა არ ვისაუბრებ. თუმცა იმედი მაქვს, ელჩის მიერ სიგელების გადაცემა და გერმანიის ახალი ელჩის ჩამობრძანება საქართველოში იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მოექცეს ნორმალურ ჩარჩოებში, უფრო მეტად განვითარდეს, ისე, როგორც სჭირდება გერმანიასაც და ჩვენს ქვეყანასაც“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×