რეზონანსი
21.07.2026

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმების მიხედვით, ქვეყანაში 90-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს - ამდენი პოლიტპატიმარი არ ჰყავს არც პუტინს, არც ლუკაშენკოს - ამ ტენდენციით ივანიშვილის რეჟიმი მალე გადაუსწრებს საბჭოთა საქართველოს მემკვიდრეობას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მოძალადე და დამნაშავე სამართალდამცავი სისტემა შექმნა.“

სიორიძის შეფასებით, „პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ მიუხედავად იმისა თუ რა იქნება ამისი ფორმა - სასამართლოს გზით გამართლდებიან, შეწყალება იქნება თუ სხვა“.

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა შექმნა მოძალადე და დამნაშავე სამართალდამცავი სისტემა. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მიერ სრულად დაქვემდებარებული ჰყავს სასამართლო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმების მიხედვით, ქვეყანაში 90-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს. აქედან უმრავლესობა აკმაყოფილებს PACE-ს მიერ დადგენილ ხუთივე კრიტერიუმს. ამდენი პოლიტპატიმარი არ ჰყავს არც პუტინს, არც ლუკაშენკოს. ამ ტენდენციით ივანიშვილის რეჟიმი მალე გადაუსწრებს საბჭოთა საქართველოს მემკვიდრეობას. პოლიტპატიმრების და ტყვეების ყოლის მიზანი არის მათ შორის, ვაჭრობა, თუმცა ამაზე ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს ევროკავშირს. როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა - ეს არ არის ბაზარი, როგორც ივანიშვილის ჰგონია, რომ მას შეუძლია ტყვეებით ივაჭროს. ამიტომ, ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება ამისი სამართლებრივი ფორმა თუ მექანიზმი - სასამართლოს გზით გამართლება, შეწყალება თუ სხვა. ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განახლებული ანგარიშის მიხედვით, 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს. მათივე განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტით, 1 კრიტერიუმის არსებობაც კი საკმარისია.

დოკუმენტი აერთიანებს პოლიტიკური პატიმრების განახლებულ სიას, მათ ბრალდებებს, სასჯელის ვადებსა და კონკრეტულ კრიტერიუმებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×