
ევროკავშირის ელჩები ოთხშაბათს კიდევ ერთხელ შეეცდებიან, საბოლოოდ შეათანხმონ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პირველი პაკეტი მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა პაკეტში შემავალი წინადადებების ნაწილი შეასუსტეს ან საერთოდ ამოიღეს. საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვან წინადადებაზე, რომელიც ენერგეტიკას, თევზჭერას, საბანკო და საზღვაო გადაზიდვებს ეხება.
POLITICO-ს ინფორმაციით, წლების განმავლობაში ორბანი - უნგრეთის გამოცდილი პოპულისტი ლიდერი, რომელიც კრემლთან ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებდა და არაერთხელ იმუქრებოდა სანქციების დაბლოკვით - სხვა ქვეყნებს საშუალებას აძლევდა, უფრო მკაცრი ზომების წინააღმდეგობა კულისებში შეენარჩუნებინათ. ახლა, როდესაც უნგრეთს პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს და ბუდაპეშტი აღარ ეწინააღმდეგება სანქციებს, ამ ქვეყნებს საკუთარი პოზიციების ღიად დაცვა უწევთ.
„გასაკვირი აღმოჩნდა, რამდენმა წევრმა სახელმწიფომ შეაფერხა საკუთარი მოქმედებები“, - განაცხადა ფინელმა ევროპარლამენტარმა ვილე ნიინისტომ, რომელიც ევროპარლამენტის რუსეთის საკითხებზე მომუშავე დელეგაციას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, „უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაძლიერების გაგრძელება იმ მომენტში, როდესაც რუსეთი უკვე იწყებს ომის ზეწოლის შეგრძნებას როგორც საკუთარ ეკონომიკაში, ისე საზოგადოებრივ აღქმებში“.
მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიღწევა მაინც მოსალოდნელია, ელჩებს საბოლოო დამტკიცებამდე, შესაძლოა, დამატებითი დათმობები დასჭირდეთ. პაკეტზე მომუშავე შვიდმა პირმა POLITICO-ს განუცხადა, რომ რამდენიმე ზომა უკვე შესუსტდა ან საერთოდ გაუქმდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პაკეტი ივნისში წარადგინა. ეს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების რიგით 21-ე პაკეტია. წინა 20 პაკეტის შემდეგ დიპლომატები ამბობენ, რომ ევროკავშირს მარტივი სამიზნეები თითქმის ამოეწურა და ახლა უფრო ხშირად აწყდება წევრი ქვეყნების ძლიერ ეროვნულ ინტერესებს. სანქციების მისაღებად ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.
“მე-20 პაკეტის შემდეგ მარტივი სამიზნეები აღარ დარჩა. უფრო ხშირად ეჯახები ცალკეული წევრი სახელმწიფოების ინტერესებს, ამიტომ ბალანსის პოვნაა საჭირო“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს.
თუმცა, მიღწეულმა დათმობებმა გააქარწყლა იმედი, რომ ორბანის წასვლის შემდეგ მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება მნიშვნელოვნად გამარტივდებოდა, აღნიშნულია სტატიაში.
„ორბანთან მუშაობა რთული იყო, მაგრამ მას მთლიანად სანქციების პაკეტები არასოდეს დაუბლოკავს“, - განაცხადა კიდევ ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.