
ე.წ საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის: მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოდგომიდან განახლდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განუცხადა, მოსამართლე თამარ მახარობლიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი თვიდან განახლდება საქმის განხილვა. მოსამართლეს არც ის განუმარტავს, რის გამო გადაიდო სხდომები რამდენიმე თვით.
რაც შეეხება საქმის მიმდინარეობას, სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულების მოკვლევის ბოლო ეტაპზეა.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.