
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი საწარმოების ინფრასტრუქტურას, წარმოებისა და გადამუშავების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, პროდუქციის შენახვის შესაძლებლობებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო. მინისტრი ასევე შეხვდა კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან ერთად სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შედეგები და აგროსექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა.
„შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მიმართულების არაერთი საწარმოს საქმიანობას გავეცანით. მსგავსი საწარმოები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქვეყანაში სრულ ღირებულებათა ჯაჭვს. ჩვენი მიზანია, საქართველოში შეიქმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ამასთანავე, ექნება მაღალი საექსპორტო პოტენციალი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ყველა საწარმო, რომელიც დღეს მოვინახულეთ, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად არის შექმნილი. ეს მათ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს და ქართულ პროდუქციას, როგორც ხარისხის ნიშანს ამკვიდრებს მსოფლიოში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.