
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში შეთანხმების მიღწევაში აქტიური როლი შეასრულოს.
ჟურნალისტებმა რუბიოს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მისი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებებზე, მათ შორის მოსაზრებაზე, რომ აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიყიდვა უნდა შეწყვიტოს.
რუბიომ განაცხადა, რომ აღნიშნულ განცხადებებს ვერ ადასტურებს და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკაში ცვლილება არ მომხდარა.
„ჩვენ გვინდა სამშვიდობო შეთანხმება. გვინდა, რომ ომი დასრულდეს. მზად ვართ, ნებისმიერი პოზიტიური როლი შევასრულოთ, რათა ომი დასრულდეს. ამისთვის კი საჭიროა ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც როგორც რუსეთი, ისე უკრაინა შეძლებენ დაეთანხმონ.
ეს არ მოხდება პრესკონფერენციაზე. ეს არ მოხდება ფილიპინებში გამართული ერთი შეხვედრის დროს. ამისთვის დიდი სამუშაო იქნება საჭირო.
წარსულში ამ მიმართულებით ინვესტიცია ჩავდეთ. იმ დროს ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ან სულ მცირე, შედეგიანი არ ყოფილა. თუ პირობები და გარემოებები შეიცვალა და ამის შესაძლებლობა გაჩნდა, ჩვენ მზად ვართ.
პრეზიდენტი ამის ერთგულია და ყოველდღიურად, თუ ვიპოვით შესაძლებლობას, რომ ამ პროცესში რეალური ცვლილება შევიტანოთ, ამას გავაკეთებთ.
რადგან საბოლოოდ, ყველაზე მეტად პრეზიდენტს სწორედ ეს აინტერესებს: ადამიანებმა შეწყვიტონ სიკვდილი, შეწყდეს ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, უკრაინამ შეძლოს მშვიდობიანად ცხოვრება, უკრაინელები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში და მისი აღდგენა დაიწყონ. ასევე, ახალგაზრდა რუსები აღარ დაიღუპონ ბრძოლის ველზე - კვირაში 5 000 ადამიანის ოდენობით.
მას მიაჩნია, რომ ეს სულელური ომია. მას მიაჩნია, რომ ეს უაზრო ომია. და თუ ჩვენ შეგვიძლია რაიმე როლი შევასრულოთ მის დასრულებაში, აშშ-ის ძალასა და გავლენას ამისთვის გამოვიყენებთ. მზად ვართ, ეს გავაკეთოთ, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება. იმედი მაქვს, ეს შესაძლებლობა იქნება. სწორედ ამას ვეუბნებოდით მუდმივად ორივე მხარეს“, - განაცხადა რუბიომ.