
ვერაზე გუშინ მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი არასრულწლოვნებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. ის 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია. ექიმებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა თბილისის ცენტრალურ უბანში ღამით მოხდა.
„ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო?! არ ვიცი რა დავწერო?! უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად!
სკოლა წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა...
22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი!
უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი " - წერს მაია კობახიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს