
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ფაქტობრივად უკვე დასრულდა სინგაპურში, შეგვიძლია შევაჯამოთ კიდეც აღნიშნული ვიზიტი და ვთქვათ, რომ ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო ვიზიტი ჩვენი სახელმწიფოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
ჭეიშვილის თქმით, საქართველოსთვის, როგორც ასევე დაკავშირებადობის ფუნქციის მატარებელი ქვეყნისთვის, ძალიან საინტერესოა ის გზა, ის გამოცდილება, რომელიც სინგაპურში არსებობს ამ თვალსაზრისით.
„როგორც უშუალოდ პრემიერმა გამართა ძალიან მაღალი დონის შეხვედრები შესაბამისი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა თავის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებთან ჰქონოდათ ძალიან პროდუქტიული დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სექტორული თანამშრომლობები განვითარდეს.
რაც შეეხება სინგაპურთან საქართველოს ურთიერთობებს და შესაბამის პერსპექტივას, რომელიც გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საინტერესო სახელმწიფო ჩვენთვის. საინტერესო თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ სინგაპურმა შეძლო თავისი გეოგრაფიული, ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენება იმგვარად, რომ ფაქტობრივად მოეხდინა ეკონომიკური სასწაული. ძალიან მოკლე დროში, ძალიან სწრაფად განევითარებინა თავისი ეკონომიკა. დღესდღეობით სინგაპური ერთ-ერთი ცენტრია სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ინოვაციების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, როგორც ასევე დაკავშირებადობის ფუნქციის მატარებელი ქვეყნისთვის, ძალიან საინტერესოა ის გზა, ის გამოცდილება, რომელიც სინგაპურში არსებობს ამ თვალსაზრისით.
გარდა ამისა, კონკრეტული მიმართულებებით უკვე გამოიკვეთა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ძირითადად ეს უკავშირდება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, სატრანსპორტო სფეროს“, - აღნიშნა მან.