
მოსაშვილის ქუჩაზე გადაღებული კადრები ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს ასახავს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. თავდასხმიდან მალევე ოქრიაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში თავადვე მივიდა, გამოკვლევების შემდეგ კი კლინიკა დატოვა. მოგვიანებით ოქრიაშვილი პოლიციამ გამოკითხა. საკუთარი სურვილით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში თავდამსხმელიც. ნიკო ხურცილავამ დანაშაული აღიარა. დაკავებულის ადვოკატი განმარტავს, რომ თავდასხმის მოტივი ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება გახდა.
ნიკო ხურცილავამ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან წერილიც გამოაგზავნა. ის განმარტავს, რომ ძალადობის მომხრე არ არის და არც არასდროს ყოფილა. თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ კი კოორდინირებულმა მოქმედებამ ქართული კულტურის, ისტორიისა და ეკლესიის წინააღმდეგ, მისი მხრიდან ის რეაქცია გამოიწვია, რაც საზოგადოებამ იხილა.
ინციდენტთან დაკავშირებით ონისე ოქრიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების განმარტებით, თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დამატებითი დეტალების დასადგენად კვლავ აგრძელებენ.
ოქრიაშვილის შეურაცხმყოფელ ნათქვამს სოციალურ ქსელში სხვა პოსტებიც მოჰყვა, სადაც კიდევ ერთხელ სცადეს ნოდარ დუმბაძის სახელის დაკნინება.
საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა და გაღიზიანება ონისე ოქრიაშვილისა და კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის, ერთ-ერთ პოდკასტს მოჰყვა, სადაც ოქრიაშვილი ქართველი კლასიკოსის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. ნოდარ დუმბაძის ოჯახისთვის ეს მტკივნეული და მძიმე მოსასმენი იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ყველა სახის ძალადობას გმობენ და ეწინააღმდეგებიან.
საზოგადოების პასუხი მიმდინარე მოვლენებზე კი პირდაპირია - მიუღებელია ხუმრობა დაერქვას ლანძღვას, აზრის გამოხატვა - გინებას, ხოლო შეურაცხყოფა - სიტყვის თავისუფლებას.