რეზონანსი
24.07.2026

ამოღებულია 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ  ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით,  კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 14 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“, ერთ კილოგრამამდე „ჰაშიში“,  ერთ კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და „მეთადონი“.

დაკავებულებს შორის არის პირი,  რომლის მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა  მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განახორციელეს და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×