
ვერაზე 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისთვის და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ 42 წლის ნიკა კაპანაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. კაპანაძე ამ დრომდე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. დიდი ალბათობით, მას ბრალს სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში წაუყენებენ.
ნიკა კაპანაძე შანიძის 31-ში, მის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. როგორც ირკვევა, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, თითის ამპუტირება მოხდა, მან დაზიანებები მიიღო ხელის მეორე მტევანზეც. სწორედ აღნიშნული დაზიანებების გამო, მას კლინიკაში ქირურგიული მკურნალობა გაეწია.
ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს.