
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ ონისე ოქრიაშვილის საქმესა და ნოდარ დუმბაძის გარშემო მიმდინარე დისკუსიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ძალადობას გმობს.
„სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პიროვნება, რომელმაც კონკრეტული ძალადობრივი ფაქტი ჩაიდინა, დაკავებულია.
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოში ისეთი პოლიტიკური კლიმატია შექმნილი, რომ მათთვის არაფერი წმინდა არ არსებობს. ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანაში არ იყოს არც მორალური და არც ისტორიული ავტორიტეტი, რომელსაც კონკრეტულ კრიტიკულ მომენტში საზოგადოება გაჰყვება ან მორალურ კომპასად გამოიყენებს.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ სახელმწიფო აუცილებლად შეასრულებს თავის ფუნქციას, აუცილებლად დაიცავს ყველა ჩაგრულს, უბრალოდ თვითონაც უნდა ნახონ ამ ყველაფერში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და შეეცადონ, რომ თავისი ხუმრობები და თავისი კრიტიკა, ადამიანურ და ცივილიზებულ ფარგლებს უნდა დაუბრუნდეს“, - აღნიშნა ფაღავამ.
ოპოზიციის აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის მისამართით სიძულვილის ენას იყენებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.