რეზონანსი
27.07.2026

 რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქმიანობის 6 თვის ანგარიშით წარსდგა. ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რესტავრაცია, საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკოლოგია, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების განხორციელება. ანგარიშის დასრულების შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და საქმიანობის გამჭვირვალობაა. სწორედ ამ პრინციპების რეალიზებას ემსახურება მერის მიერ საკრებულოს წინაშე ანგარიშის წარდგენა, რაც საშუალებას გვაძლევს, ობიექტურად შევაფასოთ მუნიციპალიტეტში განხორციელებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები, მიმდინარე პროექტები და ის გამოწვევები, რომელთა გადაწყვეტაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს", - აღნიშნა მამუკა რეხვიაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ საანგარიშო პერიოდში, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„რუსთავის მერის საქმიანობის, ბოლო 6 თვის ანგარიში ნათლად ასახავს, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული პროექტი განხორციელდა. პარალელურად, გაგრძელდა იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ქალაქის მდგრად განვითარებაზე. ეს არის შედეგი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის, რომლის მთავარი მიზანი რუსთაველებისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნაა", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ.

მამუკა რეხვიაშვილის განმარტებით, საკრებულო მომავალშიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების მხარდაჭერას და ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც რუსთავის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას ემსახურება.

„თითოეული ჩვენგანის საერთო მიზანია რუსთავის განვითარება, მუნიციპალიტეტის ეფექტიანი მართვა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ქალაქისა და მისი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×