
„მამუკა მდინარაძის დაწინაურება ბევრად მარტივი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“, ვიდრე მისი თავიდან მოშორება. ბოლო თვეები, თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, - აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ჭანტურია.
„ფაქტია, ივანიშვილს არანაირ გეგმაში აღარ აქვს და ვერ ხედავს მდინარაძის როლს, თუმცა მისი მოშორება ერთი ხელის მოსმით არასწორიც იქნებოდა. ფაქტია, მდინარაძე იმაზე ზემოთ ახტა, ვიდრე უნდა ამხტარიყო. დღეს ივანიშვილისთვის საფრთხეა ის, რასაც ვერ ენდობა 100%-ით. ფაქტია, ამ ადამიანმა თავისი დაცვის წევრები გადაანაწილა ძალოვან სტრუქტურებში. სასაცილოა, კობახიძემ ეს ადამიანი რამდენიმე თვეში შექმნა: ჯერ გენერლად აქცია, სუს-ს მანდატი მიანიჭა, ახლა ირაკლი კობახიძის ხელით ამ ადამიანის დაქვეითებას ვუყურებთ. ეს ხდება კობახიძის ნების საწინააღმდეგოდ, თუმცა კობახიძის ხელით“,- აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.
ამასთან, მან იმ ფაქტსაც გამოეხმაურა, რომ თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.
„ქალბატონი რუხაძე კულტურის მინისტრი იქნებოდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს. სადღაც იმასაც ვუშვებდი, მდინარაძე დაენიშნათ კულტურის მინისტრად. იმდენად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მინისტრების გადაადგილებას, იმდენად უსახურია“,- განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
გარდა აღნიშნული თემებისა, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი მოძრაობა დაფუძნდა, რომლის მიზანიც, ორგანიზატორების განმარტებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვაა“.
მისივე თქმით, ამ ქვეყანას იმდენი რამ გამოუვლია, MMA კი არა სამურაების დაჯგუფებაც რომ იყოს, ცდებიან, თუ გგონიათ, რომ ამით ხალხს შეაშინებენ.
„კობახიძემ და მდინარაძემ საკუთარი ხელით შექმნეს სქროლვა-სქრინვის სააგენტო, 3 დღის წინ კი ცემა-ტყეპის სააგენტოც შექმნეს - MMA-ის დაჯგუფებას რაც შეეხება. ფაქტია, რომ ადამიანების მიზანია, ქვეყანაში განსხვავებული აზრი ჩაახშონ და შეაშინონ. გამოხმაურებებს რომ გადავხედოთ, ადამიანი გუშინ გამოვიდა და თქვა დამიცავითო, მე და ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლი გავხდითო. სასაცილოა... “ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები საზოგადოებას მიუგდო დასაცინად. ამ ქვეყანას იმდენი რამ გამოუვლია, MMA კი არა სამურაების დაჯგუფებაც რომ იყოს, თუ ვინმეს გონია, რომ ამით ხალხს შეაშინებენ, არ ვიცი.
რაც შეეხება სიძულვილის ენას, უნდა აღვნიშნო, რომ არც ჩემთვის და არც ჩემი პარტიისთვის სიძულვილის ენა, ლანძღვა, არასდროს არის გამოსავალი. „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ კიდევ ბევრი რამ მოიძებნება, რომ ებრძოლო. ამის მიუხედავად, აზრის გამოხატვის, დაწერილი სიტყვების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა ჩაყარო“, - აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.