
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 250 მილიონი დოლარის სესხი თბილისის სტრატეგიული მნიშვნელობის შემოვლითი გზის მშენებლობის მხარდასაჭერად, რაც გააუმჯობესებს საგზაო დაკავშირებას, შეამცირებს სატრანსპორტო გადატვირთვას, გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტი ჰაბის როლს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტი მოიცავს თბილისის შემოვლითი გზის 18.9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილს განაახლებს. მოძრაობის გადამისამართება დედაქალაქის გვერდის ავლით შეამსუბუქებს თბილისის სატრანსპორტო დატვირთვას და გააუმჯობესებს ტვირთებისა და ხალხის გადაადგილებას.
აზიის განვითარების ბანკის დაფინანსება მოხმარდება თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს: ლოტი 4-ს (თბილისის აეროპორტი–ლოჭინი) და ლოტი 5-ს (ლოჭინი–რუსთავი). პროექტი ასევე მოიცავს მისასვლელი და მომსახურების გზების მშენებლობასა და განახლებას.
როგორც საქართველოში ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა განაცხადა, საქართველოს მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე მას მნიშვნელოვან პოტენციალს აძლევს, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი.
„თბილისის შემოვლითი გზა ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას შეუწყობს ხელს, რადგან შეამცირებს გზების გადატვირთვას და გააუმჯობესებას ტვირთების გადაზიდვას. მსგავსი პროექტების მეშვეობით ჩვენ რეალობად ვაქცევთ საქართველოსთან პარტნიორობის სტრატეგიით გათვალისწინებულ ხედვას, რათა ქვეყანა გახდეს უკეთ დაკავშირებული და კონკურენტუნარიანი“, – განაცხადა ლესლი ბეარმან ლამმა.