
რუსეთის მიერ გვიან ღამით განხორციელებულ ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მასშტაბურ თავდასხმას უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, 51 კი დაშავდა.
თავდასხმის შედეგად კიევსა და მის შემოგარენში არაერთ ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ობოლონსკის, დესნიანსკის და სვიატოშინსკის რაიონებში საწყობები იწვის.
„ხანძარი საწყობებში დიდ ფართობზე გაჩნდა. გოლოსიევსკის რაიონში ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების ძებნა გრძელდება“, - აცხადებენ საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
ამასთან, გოლოსიევსკის რაიონში სამუშაოები ასევე გრძელდება ამიაკის გაჟონვის ადგილზე. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 300 ლიტრი ნივთიერების შემცველი ავზი. მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს.