
საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება.
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მესამე სისტემური გათიშვა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, ამის მიზეზი კი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი წევრის განმარტებით, ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე ტესტირება იყო, იმის დასადგენად, თუ რა გახდა 24 და 25 ივლისს დენის მასშტაბური გათიშვის მიზეზი, ასევე, სისტემაში სუსტი წერტილების გამოვლენა.
"დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, - წერს სოციალურ ქსელში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი გიორგი ფანგანი.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა ხდება, უმეტეს რეგიონებსა და ქალაქებში მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.